კომპანია TNET-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი, BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რამ გამოიწვია 27 თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე, ბილეთების გაყიდვის პროცესის შეფერხება. მისი თქმით, გარდა ბილეთებზე მაღალი მოთხოვნისა, საიტზე დაფიქსირდა “არალეგიტიმური ტრაფიკიც”, რაც რობოტების ჩართულობას გულისხმობს.
“12:00 საათზე, როცა უკვე უნდა დაგვეწყო გაყიდვები, ჩვენს სისტემებზე დაფიქსირდა საკმაოდ დიდი ტრაფიკი. რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში არსებული მოწყობილობების 80% ჩვენს სისტემაში იყო შემოსული, ინტერნეტის საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი, ალბათ 90%, ზუსტად იმ მომენტში გენერირდებოდა ზუსტად TKT.GE-ზე.
ასევე, დაფიქსირდა არალეგიტიმური ტრაფიკი - კონკრეტული IP მისამართებიდან ხდებოდა რობოტების მიერ გარკვეული სკრიპტების დაწერა და დამატებითი მოთხოვნების შემოსვლა, რამაც გამოიწვია კიდევ დამატებითი ტრაფიკი, რამაც გამოიწვია შეფერხება”, - განმარტავს გიორგი ჩუმაშვილი.
TNET-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ TKT.GE-ზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა გადამყიდველებისგანაც, თუმცა პლატფორმამ მოახერხა, რომ, მათი ქცევის ანალიზის საფუძველზე, გადამყიდველები დაებლოკა.
“ფეხბურთის ფედერაცია იყო ინიციატორი, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა გადამყიდველები კონკრეტულად ამ თამაშზე და პირველად მოვახერხეთ სახელობითი ბილეთების გაყიდვა, თქვენს ბილეთზე უკვე სახელი, გვარი და პირადი ნომერია დაფიქსირებული - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიცით, რომ სტადიონზე არის 50 000 ბილეთი და მეტს ფიზიკურად ვერ გავყიდით, მაგრამ დასწრების სურვილი 300 000 ადამიანს აქვს - ერთი მხრივ, გვყავს ეს “რობოტები”, რომლებიც არალეგიტიმურ ტრაფიკს აგენერირებენ, ცდილობენ რიგის გამოტოვებას და ა.შ. მეორე მხრივ კი, გვყავს ასობით ორგანიზებული გადამყიდველი - თუმცა ჩვენ 45 წუთში გავანეიტრალეთ რობოტებისგან შემოსული ტრაფიკი და მაქსიმალურად შევბოჭეთ გადამყიდველების საქმიანობა. გვაქვს "პატერნები", რომელიც გადამყიდველის ქცევას აფიქსირებს, ჩვენი სისტემა უკვე ავტომატურად ბლოკავს ყველას, ვისი ქცევაც გადამყიდველისას ემთხვევა. როგორც კი ეს ორი მიმართულება გავანეიტრალეთ, მომხმარებელს შევთავაზეთ სამართლიანი, ორგანიზებული რიგი”, - აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი.
ჩუმაშვილი განმარტავს, რომ TNET-ის ტექნიკური აღჭურვილობა მათი პლატფორმის შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებული არ არის, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ბილეთებზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე სტადიონს გულშემატკივრების დატევა შეუძლია.
“თუ მსურველი 300 000 გვყავს, გამოდის, რომ ყოველ მეექვსე მომხმარებელს აქვს ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა, ხუთი კი უბილეთოდ რჩება - ნეგატივის ერთ-ერთი მთავარი წყარო აქ სტადიონის ტევადობაა, მეტი ადამიანის დასწრება ფიზიკურად არ შეიძლება. ვვარაუდობთ, რომ ფინალში 500 000-მდე მსურველი იქნება თამაშზე დასწრების, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მეათე მოახერხებს ამ ბილეთის ყიდვას, 9 უკმაყოფილო დარჩება - ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის.
გარწმუნებთ, რომ ჩვენი სერვერები აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამხელა მოთხოვნამ და ტრაფიკმა შეაფერხა პროცესი 45 წუთით, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ 45 წუთზე და ასევე პასუხისმგებლები ვართ გაყიდვებზეც - ბოლო 1.5 საათი რიგი საერთოდ არ ყოფილა. ამ 45 წუთს თუ არ ჩავთვლით, მთელი პროცესი იყო იდეალური”, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.
TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს, რომელთა შორისაცაა ელექტრონული კომერციის ვებსაიტები, მათ შორის TKT.GE.