თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ სირიასა და თურქეთში 4300-ს გადააჭარბა. მხოლოდ თურქეთში დაშავებულია 16 000-მდე ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ არის საშიშროება რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ რვაჯერ გაიზარდოს, ვინაიდან უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მათ შორის ბოლო მიწისძვრა დღეს დილით ადრე მოხდა, რომლის სიმძლავრეც 5.5 მაგნიტუდა იყო.
მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ათასობით მოხალისე სამაშველო ჯგუფებს უერთდება, რის გამოც სტიქიის ზონებთან საცობებია. მხოლოდ სტამბოლიდან 13 000 მაშველი და მოხალისე გაგზავნეს.
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები.
თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.