"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ სამთავრობო კომისიის საქმიანობის შედეგები, რომელიც სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასების შესწავლის მიზნით შეიქმნა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პირველი სხდომის შემდეგ აღნიშნა, კომისიამ უკვე შეათანხმა სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა ჩართულ მხარესთან მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.
„ვიმსჯელეთ გეგმაზე, ასევე პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მუშაობა. დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სონღულაშვილი.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.




























