სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც, კომპანია „ბლუ ბერდბერიზ“ იყო.
კომპანიის დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ გამოფენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მათმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მისივე ცნობით, საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, მათ არაერთი ქვეყნის წარმომადგენლისგან ჰქონდათ გამოხმაურება. თუმცა, დიდი დაინტერესება გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან წამოვიდა, რომელთანაც მოლაპარაკებებიც დაიწყო.
„პირველი ორი დღე განსაკუთრებით დატვირთული იყო, მესამე დღე ნაკლებად. ძირითადად, ევროპელ მყიდველებთან გვქონდა შეხვედრები. ძირითადად, დაინტერესება იყო გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან”, - ამბობს ბაია სალუქვაძე,
კომპანია „ბლუ ბერდბერიზის“ დამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცივი ჯაჭვის მიმართულებით ლოგისტიკა სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მათი გამოყვანილი ჯიშებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც კომპანია მოცვს ევროპაში აგზავნის, ჯიშის სეგრეგაციას ახდენს და პროდუქტის შეფუთვას დიდ ყურადღებას აქცევს.
"ცივი ჯაჭვის მიმართულებით ლოგისტიკა დასახვეწი გვაქვს, ჩვენი ჯიშებიდან გამომდინარე. როდესაც ევროპაში ექსპორტს ვაპირებთ, ამ შემთხვევაში ჯიშების სეგრეგაციას ვახდენთ ხოლმე. ტრადიციული ჯიშები, რომლებიც ჩვენთან არის დარგული 14 დღე ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, თან ამასთან დახლზე გამყიდველს სავარაუდოდ 1 კვირა მაინც ხომ უნდა დაუტოვო. შესაბამისად, როცა პროდუქტს ევროპაში ვაგზავნით, ყურადღებას მოცვის შეფუთვას ვაქცევთ.
ზოგადად ევროპაში მოცვი ძვირი არ ღირს, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებიდან ხდება იმპორტი. შესაბამისად, საკმაოდ ჭარბად არის მოცვი და ზოგადად კენკრა ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი და მიწოდების ჯაჭვი არის ძალიან მარტივი. თან სამაცივრე სისტემები მათ საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი. მინიმუმ, 1 თვიანი სიცოცხლისუნარიანობით არის წარმოდგენილი, როცა ჩვენი მაქსიმუმ 20 დღე ძლებს. ევროპულ ბაზარზე მოცვი €5 - 5.30-ის ფარგლებში მერყეობს ხოლმე”, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა. ის დასძენს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, ევროპის ბაზარი საინტერესო არ არის ხოლმე. ამრიგად, მოსავლის პირველი ორი კვირა ქართული მოცვი არაევროპულ ბაზრებზე, კერძოდ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში გადის. ივლისის თვიდან კი, როცა მოცვი სრულად იკრიფება, ევროპული ბაზრები ქართველი ფერმერებისთვისაც საინტერესო ხდება.