დაგვიანებული გზავნილებისა და დაკარგული ამანათების გამო საქართველოს ფოსტის მისამართით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში კრიტიკა მომრავლდა.
ერთ-ერთი პოსტის ავტორი, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ლიეტუვაში სასწავლებლად წასული სტუდენტი მარიტა გორგილაძეა, რომელსაც ამანათი ბათუმიდან საქართველოს ფოსტით 2021 წლის 20 იანვარს გაუგზავნეს. მას შემდეგ 2 თვე გავიდა, თუმცა ამანათი გაქრა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორც დღეს დაზარალებული მომხმარებელი ამბობს, ამანათის დაკარგვის კონკრეტულ მიზეზებს კომპანიაში ამ დრომდე ვერ უხსნიან.
“20 იანვარს საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალიდან გამომიგზავნეს დოკუმენტი. რეგისტრირებულ ამანათს ენიჭება კოდი და სწორედ ამ კოდით ვამოწმებდი გზავნილის ადგილმდებარეობას. ჩანს, რომ 20 იანვარს მიღებულია ეს ამანათი, 21 იანვარს გადმოიგზავნა თბილისში დახარისხების ცენტრში. იქვე მითითებულია, რომ გადმოგზავნილია დანიშნულების ქვეყანაში. 21 იანვრის შემდეგ უბრალოდ იკარგება ყველანაირი კვალი ამ ამანათის. ძალიან რთულ სიტუაციაში ჩამაგდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ სტუდენტი და ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო. მიგრაციაში მაქვს დოკუმენტი ასაღები, ვიზას აგვისტოში გასდის ვადა”-აცხადებს საქართველოს ფოსტის მომხმარებელი მარიტა გორგილაძე.
კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელსაც საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობის არც თუ ისე წარმატებული გამოცდილება აქვს ასეთ ისტორიას გვიყვება, რომ დაჩქარებული წესით ფოსტით გაიგზავნა დნმ-ის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დადგენილი ვადებით ამერიკაში 2 კვირაში უნდა ჩასულიყო, თუმცა ამანათი ჯერ დაიკარგა, შემდეგ კი დანიშნულების ადგილას თვე ნახევარში ჩავიდა.
“გზავნილი გავაგზავნე და გადავიხადე დაჩქარების ვადაც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშნელოვანი გზავნილი იყო. ეს არის დნმ-ის ტესტი, რომელსაც იწერ ამერიკიდან, იკეთებ თვითონ დნმ-ს და ვინმე ნათესავს მსოფლიოს მასშტაბით თუ გაუკეთებია ეს ტესტი ავტომატურად გიგდებს, რომ ეს ადამიანი არის შენი ბიოლოგიური ნათესავი. ეს ტესტი, როცა გავგზავნე უნდა ყოფილიყო დანიშნულების ადგილზე 2 კვირაში, ზუსტად ამის გამო მოხდა დაჩქარების თანხის გადახდაც. საბოლოო ჯამში გზავნილი აშშ-ში ჩავიდა თვე ნახევრის დაგვიანებით”-ამბობს საქართველოს ფოსტის მომხმარებელი თამუნა მუსერიძე.
კითხვებზე პასუხები მოვიკითხეთ საქართველოს ფოსტაში. ამანათების დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დაგვიანების მიზეზებს შორის კომპანიის მხრიდან დასახელდა პანდემია და ფორსმაჟორული სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში.
რაც შეეხება გზავნილებისა და ამანათების დაკარგვას, წერილობით პასუხში ამ ნაწილზეც იყო საუბარი, თუმცა როგორც ჩანს კომპანიაში აღნიშნულ ხარვეზს კონკრეტული მიზეზით მაინც ვერ ხსნიან.
“აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, გამომგზავნი ქვეყნის ოპერატორები ვერ ახერხებენ გზავნილების დადგენილ ვადაში ტრანსპორტირებას, შესაბამისად, გზავნილების ადრესატზე ჩაბარების ვადები იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას. რაც შეეხება გზავნილების დაკარგას, მნიშვნელოვანია, რომ მიმღებ ქვეყანაში შესვლის შემდეგ, გზავნილი გადაეცემა მიმღები ქვეყნის საფოსტო ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის ადრესატზე ჩაბარებას. საფოსტო გზავნილის ადრესატზე არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში, მომხმარებლს აქვს საშუალება მიმართოს განცხადებით “საქართველოს ფოსტას”, რის საფუძველზეც მოხდება მოკვლევა გზავნილის არ/ვერ ჩაბარების მიზეზის შესახებ. „საქართველოს ფოსტა“ იღებს ვალდებულებას დანაკარგი აუნაზღუროს მომხმარებელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ რეგულაციებით დადგენილი კომპენსაციების ფარგლებში”-აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.
ა.




























