მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ პუტინმა ქვეყანა პირველად დატოვა

ყირგიზეთშია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. ეს პუტინის პირველი საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მისი დაკავების ორდერი გასცა.

რუსეთიცა და ყირგიზეთიც ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებენ, შესაბამისად, ყირგიზეთის ხელისუფლების მხრიდან პუტინის დაკავება მოსალოდნელი არ არის.

დედაქალაქ ბიშკეკში ვიზიტის ფარგლებში, პუტინი ქვეყნის პრეზიდენტს, სადირ ჯაპაროვს ხვდება და ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც ოფიციალური კრემლი იუწყება, მეზობელ სახელმწიფოში პუტინის ვიზიტი სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას უკავშირდება.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, ყირგიზეთი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად იქცა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები მყარდება.

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას პუტინი პეკინში ჩასვლასაც გეგმავს, სადაც ის სარტყლისა და გზის ფორუმს უნდა დაესწროს, რომელსაც ჩინეთის მთავრობა მასპინძლობს.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები