ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდების შემდეგ, რა დროსაც ორი ეთნიკურად აზერბაიჯანი დაიღუპა, რუსეთ-აზერბაიჯანს შორის კვლავ დაძაბულობაა. გუშინ, 30 ივნისს, აზერბაიჯანის პოლიცია რუსულ სახელმწიფო სააგენტო Sputnik-ში შევიდა.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეიდთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვეს, რომ Sputnik-ი "არალეგალური დაფინანსების" პირობებში აგრძელებდა ოპერირებას, რადგან აზერბაიჯანმა სააგენტოს აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეუჩერა. სამინისტრომ ოფიციალურად დაკავების შესახებაც გაავრცელა ცნობები, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ დააკავა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს RIA-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან Sputnik-ის აზერბაიჯანული ბიუროს მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი. რუსეთის ხელისუფლებამ დაგმო მომხდარი და არამეგობრული უწოდა ბაქოს მხრიდან რუსი ჟურნალისტების დაკავებას. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტო Sputnik-ი სხვადასხვა ქვეყანაში პროკრემლისტურ ნარატივს ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოპერაციის შედეგად ასევე დააკავეს ФСБ-ის "ორი აგენტი", რომლებიც როგორც ირწმუნებიან, Sputnik-ში მუშაობდნენ.
რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, 50 პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო "რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაზე".




























