2025 წლის პირველ 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკის დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 10.7%-ით 144.5 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამგვარად ეს მრეწველობა ქვეყნის რიგით მესამე დარგია, სადაც იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მრეწველობაში 68.3 მლნ დოლარი იყო.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიციები დამმუშავებელ მრეწველობაში. საქსტატიდან მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან ჩაიდო.
საქართველოში დამმუშავებელი მრეწველობის ინვესტორი 10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- ნიდერლანდები - $59.4 მლნ;
- თურქეთი - $22.3 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $21.4 მლნ;
- რუსეთი - $8.4 მლნ;
- გერმანია - $7.2 მლნ;
- ლატვია - $2.3 მლნ;
- აზერბაიჯანი - $1.9 მლნ;
- ლიბანი - $1.2 მლნ;
- შვედეთი - $997 ათასი;
- სომხეთი - $918 ათასი;
რაც შეეხება კომპანიებს, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით 2 ტექსტილის, 2 ცემენტის, 2 სასმელების მწარმოებელია, 2 მძიმე მრეწველობაში ოპერირებს, ერთი მინის ტარის წარმოებაში, ხოლო ერთი უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით.
დამმუშავებელ მრეწველობაში TOP-10 ინვესტორი კომპანია:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- შპს ჯეოსთილი
- სს ლომისი
- შპს ჯორჯიან მანგანეზი
- შპს ქართული ცემენტი
- სს მინა
- შპს აჭარა ტექსტილე
- შპს აიკონ გრუპ
- შპს საქართველოს ცემენტის კომპანია
- შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
ცნობილია, რომ წელს სექტემბერში IDS ბორჯომი საქართველომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალი ჩამომსხმელ ქარხანას ოფიციალურად გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარია შეადგენს. ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.




























