მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის გამო, TikTok-ის შემდეგ, დავა Meta-სა და Youtube-ის წინააღმდეგაც დაიწყო

meta youtube

20 წლის გოგონა, რომელიც სასამართლოში კეილი ჯ.მ.-ს სახელით არის იდენტიფიცირებული, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta-სა და Alphabet-ის Google-ს უჩივის - ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, YouTube-ს ფლობს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კალიფორნიაში გამართულ სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის ადვოკატმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ Meta Platforms-მა და YouTube-მა განზრახ შექმნეს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც იცოდნენ, რომ ბავშვებში დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ეს სასამართლო პროცესი სატესტო ხასიათისაა და დაადგენს, დაეკისრებათ თუ არა ტექნოლოგიურ გიგანტებს პასუხისმგებლობა აპლიკაციების დიზაინის გამო.

ორივე კომპანია ბრალდებებს უარყოფს.

როგორც კეილის ადვოკატმა მარკ ლანიერმა მსაჯულებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ მედიაზე მცირე ასაკიდანვე გახდა დამოკიდებული აპლიკაციების მიმზიდველი დიზაინის გამო. ლანიერმა აღნიშნა, რომ კომპანიის შიდა დოკუმენტები ადასტურებს შემდეგს: "ამ კომპანიებმა შექმნეს მანქანები, რომლებიც ბავშვების ტვინის დამოკიდებულებას იწვევს და ეს მათ განზრახ გააკეთეს".

საპასუხოდ, Meta-ს ადვოკატმა პოლ შმიდტმა შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ კეილის ჯანმრთელობის ჩანაწერები აჩვენებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ისტორიას და რთულ ურთიერთობას მშობლებთან, რომლებიც მაშინ დაშორდნენ, როცა ის სამი წლის იყო. მათი მტკიცებით, სოციალური ქსელების გარეშე, დაზარალებულის ცხოვრება, შესაძლოა, არც შეცვლილიყო.

ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ გამოტანილმა განაჩენმა, შესაძლოა, გზა გაუხსნას მსგავს საქმეებს შტატის სასამართლოში. კალიფორნიაში Google, Meta, TikTok და Snap ათასობით სარჩელის წინაშე დგანან.

მოსალოდნელია, რომ Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სასამართლოზე მოწმის სახით იქნება გამოძახებული. პროცესი სავარაუდოდ მარტამდე გაგრძელდება.

ასევე მოსალოდნელია, რომ ჩვენებას თავად კეილიც მისცემს. ის ამტკიცებს, რომ აპლიკაციებმა გააძლიერეს მისი დეპრესია და სუიციდური აზრები; ის ცდილობს, კომპანიებს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებისთვის პასუხისმგებლობა დააკისროს.

ადვოკატების მიზანია დაამტკიცონ, რომ კომპანიებმა გამოიჩინეს დაუდევრობა აპლიკაციების დიზაინში, არ გააფრთხილეს საზოგადოება რისკების შესახებ და სწორედ სოციალური ქსელები იყო მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაზიანების მნიშვნელოვანი ფაქტორი. წარმატების შემთხვევაში, მსაჯულები განიხილავენ მორალური ზიანის ანაზღაურებას და შესაძლოა კომპანიებს ფინანსური სანქციებიც დააკისრონ.

მსგავსი საქმეების გარდა შტატის სასამართლოში, სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიები ფედერალურ სასამართლოში 2300-ზე მეტი მსგავსი სარჩელის წინაშე დგანან, რომლებიც მშობლებმა, სასკოლო ოლქებმა და შტატების გენერალურმა პროკურორებმა შეიტანეს.

აშშ-ში დაწყებული სასამართლო დავების ტალღა ნაწილია გლობალური რეაქციისა სოციალური მედიის პლატფორმების წინააღმდეგ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე. ავსტრალიამ 16 წლამდე მომხმარებლებს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა აუკრძალა, მსგავს შეზღუდვებს სხვა ქვეყნებიც განიხილავენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკომისიამ ასევე დაადასტურა, რომ TikTok-ის აპლიკაციის დიზაინი მომხმარებლის პლატფორმაზე მიჩვევას იწვევს, არღვევს ევროპის "ციფრული სერვისების აქტს" (DSA) და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლების სათანადო დაცვას.

კომისიის თქმით, ვიდეო აპლიკაცია ეყრდნობა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. ასეთია, მაგალითად, "უსასრულო თვალიერება" (infinite scroll), რომელიც ეკრანის განახლებისას მომხმარებელს მუდმივად აწვდის ახალ კონტენტს.

ევროკომისიის განცხადებით, TikTok-ის დიზაინი ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები