ევროკომისია აცხადებს, რომ TikTok-ის აპლიკაციის დიზაინი მომხმარებლის პლატფორმაზე მიჩვევას იწვევს, არღვევს ევროპის "ციფრული სერვისების აქტს" (DSA) და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლების სათანადო დაცვას. ამის შესახებ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაში წერია.
კომისიის თქმით, ვიდეო აპლიკაცია ეყრდნობა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. ასეთია, მაგალითად, "უსასრულო თვალიერება" (infinite scroll), რომელიც ეკრანის განახლებისას მომხმარებელს მუდმივად აწვდის ახალ კონტენტს.
რეგულატორების განმარტებით, დიზაინის ეს მახასიათებლები მომხმარებლის ტვინს "ავტოპილოტის რეჟიმში" ამუშავებს და ახალისებს აკვიატებულ ქცევას, როგორიცაა აპლიკაციის განმეორებით გახსნა და მუდმივი თვალიერება.
წინასწარი მიგნებები ასახავს იმ მზარდ ზეწოლას, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ არსებობს ეკრანთან გატარებული დროის გამო, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. მსოფლიოს მასშტაბით რეგულატორები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას - აკეთებენ თუ არა ტექნოლოგიური კომპანიები საკმარისს, ახალგაზრდა მომხმარებლების დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინისგან დასაცავად.
კომისიამ აღნიშნა, რომ TikTok-ს, როგორც ჩანს, არ შეუძლია ადეკვატური დამცავი მექანიზმების დანერგვა იმ რისკების წინააღმდეგ, რასაც მისი "მიმზიდველი" ფუნქციები ქმნის.
კომისიამ განსაკუთრებით გააკრიტიკა TikTok-ის "ეკრანთან გატარებული დღიური დროის" (Daily Screen Time) ფუნქციაც, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააწესონ დროის ლიმიტი და მიიღონ შეტყობინება მისი ამოწურვისას.
13-დან 17 წლამდე მომხმარებლებისთვის ავტომატურად დაწესებულია ერთსაათიანი ლიმიტი. თუმცა, კომისიის თქმით, ეს დამცავი ზომა არაეფექტურია, რადგან გაფრთხილებების "იგნორირება/გათიშვა ძალიან მარტივია".
დასკვნის სახით კომისიამ აღნიშნა, რომ DSA-სთან შესაბამისობისთვის, TikTok-მა უნდა "შეცვალოს სერვისის ფუნდამენტური დიზაინი".
შემოთავაზებული ცვლილებები მოიცავს ე.წ. უსასრულო სქროლის გათიშვას, უფრო ეფექტურ "შესვენებებს" და აპლიკაციის ვიდეო რეკომენდაციების შეცვლას.
Euronews Next-ისთვის გაგზავნილ წერილში TikTok-მა განაცხადა, რომ კომისიის წინასწარი მიგნებები "ჩვენი პლატფორმის კატეგორიულად მცდარ და სრულიად უსაფუძვლო აღწერას წარმოადგენს".
"ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით გავასაჩივროთ ეს მიგნებები," - აცხადებენ კომპანიაში.
TikTok-ის თქმით, ეკრანთან გატარებული დროის რეგულირებისთვის ექსპერტებს არ გააჩნიათ ერთი უნივერსალური მიდგომა, ამიტომ პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება დროის განაწილებაზე.
გამოძიება, რომელიც 2024 წელს დაიწყო, სწავლობს, შეესაბამება თუ არა TikTok "ციფრული სერვისების აქტს" (DSA) - ევროკავშირის კანონს, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ავალდებულებს რისკების მართვას, კონტენტის მოდერაციასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
გამოძიებამ შეისწავლა კომპანიის შიდა რისკების შეფასებები, კომპანიის მონაცემები და სამეცნიერო კვლევები ქცევითი დამოკიდებულების შესახებ.
გასულ ოქტომბერს კომისიამ განაცხადა, რომ TikTok და სოციალური მედიის გიგანტი Meta არღვევდნენ DSA-ს, რადგან ისინი მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომას ურთულებდნენ. TikTok-ის სარეკლამო წესებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამოძიება უკვე დასრულებულია.
ეს მიგნებები წინასწარია, რაც ნიშნავს, რომ ჯარიმები ან სანქციები ჯერ არ დაწესებულა და გამოძიება გრძელდება.
TikTok-ს ახლა აქვს უფლება, განიხილოს კომისიის დასკვნები და წერილობით უპასუხოს, მათ შორის წარმოადგინოს საკუთარი გადაწყვეტილებები. კომისია ასევე გაივლის კონსულტაციას ციფრული სერვისების ევროპულ საბჭოსთან - დამოუკიდებელ მრჩეველთა ჯგუფთან, რომელიც DSA-ს წესებსა და რეგულაციებს იყენებს.



























