მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამტკიცდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეც. საგამოძიებო სამსახურების დაყოფა სწორი იყო - პაპუაშვილი

649ad3db9a861
BM.GE
27.06.23 16:27
500
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახლადშექმნილ საგამოძიებო სამსახურს ჰქონდეს განსაკუთრებული მხარდაჭერა. გვახსოვს, ის სკეპტიციზმი, როდესაც იქმნებოდა ეს სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად და ვფიქრობ, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საბოლოო ჯამში დაამტკიცეს, რომ ამ სამსახურების დაყოფა იყო სწორი გადაწყვეტილება“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციაზე, რომელიც მსხვერპლთა უფლებების დაცვის და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თემას მიეძღვნა, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობაზე და აღნიშნა, რომ როდესაც ერთ საკითხზე ხდება კონცენტრირება და კომპეტენციები არ არის არეული ერთმანეთში, სამსახურის მუშაობა გაცილებით ეფექტურია.

„შედეგად, მივიღეთ ის, რომ ერთი მხრივ, მოხდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაზრდა და ამას დაემატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საქმეების გამოძიება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, როგორც თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების მხრივ, ისე, თანამშრომლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის მხრივ შეიქმნა ჩარჩო-პირობები კანონმდებლობის კუთხით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს სამსახურს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ, პარლამენტი, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა კომიტეტები, პირადად მეც, ვართ კომუნიკაციაში საგამოძიებო სამსახურთან, იმისთვის, რომ თუ რამე საკანონმდებლო მხრივ არის საჭირო, გაძლიერდეს; შეიქმნას შესაბამისი ჩარჩო და ხელი შევუწყოთ ამ სამსახურის მუშაობას, ვინაიდან ამ სამსახურის სიძლიერე და ეფექტიანობა, ჩვენთვისაც მნიშნელოვანია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მხარდაჭერას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩარჩო-პირობების შექმნის ნაწილში, ჩვენ, პარლამენტმა ეფექტიანად ვიმუშავეთ, იმისათვის, რომ საგამოძიებო სამსახურმაც საბოლოოო ჯამში ეფექტურად იმუშაოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები