მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარბაზი, რომელიც "სავიზიტო ბარათი" უნდა გამხდარიყო, არ აშენდება - FIBA-სთვის მიცემული დაპირება არ შესრულდება

5e03177c9676f
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.19 22:51
1689
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ ახალ 15,000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს. დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის,”- ეს განცხადება 2019 წლის 30 ივლისს, საქართველოსთვის კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

ამ განცხადებიდან 5 თვის თავზე ირკვევა, რომ ბახტაძის დაპირება საქართველოს მოსახლეობისა და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიმართ, არ შესრულდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წელს, თბილისში დაგეგმილ ჩემპიონატზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

2019 წლის ზაფხულში FIBA-მ ჩემპიონატის ჩატარების მსურველი შვიდი ქვეყნიდან არჩევანი ოთხზე შეაჩერა. გამოცხადდა, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ კი შეჯიბრება მხოლოდ გერმანიაში გაგრძელდება.

2021 წლის ევრობასკეტს თბილისში ახალი არენის ნაცვლად ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, რომელიც 2020 წლიდან ფაქტობრივად თავიდან აშენდება - ამის შესახებ განცხადება კალათბურთის ფედერაციასა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გაკეთდა.

“იყო ორი ვარიანტი – ან ახალი არენა აგვეშენებინა ან რომელიმე არსებულის რეკონსტრუქცია ჩაგვეტარებინა. ექსპერტებთან და FIBA-სთან შეთანხმებით, ყველაზე სასურველი ოლიმპიური არენის გადაკეთება და რეკონსტრუქცია აღმოჩნდა. პირველი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგან ახალი სასახლის აშენება 200 მილიონამდე დაჯდებოდა, ხოლო არსებულის 10 ათას ტევადობამდე განახლება უფრო იაფი დაჯდება," - აცხადებს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული დაპირება ახალი დარბაზის მშენებლობის შესახებ - VIDEO

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები