სევილიას პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმეზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ არ დაესწრო კლუბის ოფიციალური წარმომადგენლები ბარსელონა-სევილიას მატჩს.
გასულ კვირაში, ბარსელონას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ხოაკინ აგირემ, რომელიც საქმეს უძღვება, "ბლაუგრანას" მიერ მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნეგრეირასთვის გადახდილი 7.5 მილიონი ევრო ქრთამად ჩათვალა. ამ მიზეზით, სევილიას წარმომადგენლები ბარსასთან გამართულ შეხვედრას არ დაესწრნენ, კატალონიელებმა, კი საპასუხოდ ანდალუსიელებთან ურთიერთობის გაწყვეტა გამოაცხადეს.
"პირველი და მეორე დივიზიონის ბევრმა კლუბმა დამიჭირა მხარი, თუმცა ეს ჯერ საჯაროდ არ გაუკეთებიათ. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს. მართალია, სამართალწარმოების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, თუმცა ქრთამის მიცემა უკვე დამტკიცდა. თუ მსაჯებს ფულს უხდიდნენ, ეს სამართლიანი შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს. ჩვენ ასეთ ქმედებებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით - სასამართლომ უნდა თქვას, თუ ვინ არის დამნაშავე. არ შეიძლება მოქმედ მსაჯს 7.5 მილიონი გადაუხადო," - განაცხადა კასტრომ.
"სევილიას" პრეზიდენტის განცხადებით სასამართლომ მხოლოდ ერთი განაჩენი უნდა გამოიტანოს, რადგან გადახდილი თანხა საკმარისი საბუთია, ასეთი მოქმედების დასაგმობად.
ბარსელონას და სევილიას მატჩი პარასკევს, 29 სექტემბერს გაიმართა. კატალონიელებმა შეხვედრაზე დასასწრებად სევილიას ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდო კარასკოს ოფიციალური მიწვევა გაუგზავნეს, რაზეც ანდალუსიელებისაგან უარი მიიღეს.