იქცევა თუ არა GREDA-ს ინიციატივა კანონად, მიმდინარე თვეში უწყებათშორის გაფართოებულ შეხვედრაზე გამოიკვეთება.
GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მათი არგუმენტები სრულად გაიზიარა და ახლა, გაფართოებულ შეხვედრაზე სხვა უწყებების დარწმუნებას უნდა ეცადონ.
" ეკონომიკის მინისტრთან ჩვენი ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გაერკვევა უწყება, სად შეიძლება იყოს ის შეუთანხმებლობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სხვა კანონთან და ხედავენ სხვები. კიდევ ერთხელ მოხდება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში სხვა უწყებებთან და კიდევ ერთხელ შევეცდებით დავარწმუნოთ ყველა, რომ ამით არაფერი დაზიანდება, პირიქით, შეიქმნება უკეთესი. ეს იქნება ინვესტიციების მოსაზიდად დამატებითი სტიმული. ქონების გადასახადი, რომელიც არ არსებობს გაჩნდება. ნაწილი, შეიძლება წავიდეს თემთან, მაგრამ ნაწილი დარჩება მუნიციპალიტეტს და ცხადია ეს მუნიციპალიტეტის შემოსავალს გაზრდის.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინისტრს ესმის ჩვენი და ეთანხმება ჩვენს ლოგიკას. დროში ვფიქრობ უკვე შეზღუდულები ვართ, მნიშვნელოვანია დროულად იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. შევთანხმდით, რომ შეხვედრა მარტში იქნება და იმედი მაქვს რომ გადავალთ შემდეგ ეტაპზე" - განაცხადა აბრამიშვილმა.
რაც შეეხება ფორმულას, რომლითაც უნდა დაანგარიშდეს, ქონების გადასახადის რა ნაწილი დარჩებათ პროექტის ზემოქმედების არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ქონების გადასახადის პროცენტული წილი, რომელიც უშუალოდ ზეგავლენის არეალში დარჩება, განსხვავებული სიმძლავრის მიხედვით და ასევე, ძველი და ახალი გენერაციის ობიექტებისთვის. ამ მოცემულობით, კანონად ქცევისთვის კანონპროექტი საჭიროებს ცვლილებებს საგადასახადო და თვითმმართველობის კოდექსებში.