საქართველო სოფლის მეურნეობაში დიდი რაოდენობით პესტიციდს და აგროქიმიკატებს იყენებს. FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია. მეზობელი სახელმწიფოებიდან კი ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს აქვს, სადაც პესტიციდების მოხმარება ჰექტარზე საშუალოდ 0,23 კილოგრამია.
საქართველოში პესტიციდების რეგისტრაციაზე, ასევე სურსათში მისი შემცველობის შემოწმებაზე პასუხისმგებელი უწყება სურსათის ეროვნული სააგენტოა.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტიდან გასულ წელს სააგენტომ 300-მდე ობიექტი შეამოწმა. გამოვლინდა დარღვევის 35 შემთხვევა, თუმცა როგორც სააგენტოში განმარტავენ, ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში დადასტურდა. ნიკა მესხის თქმით, გამოვლენილი დარღვევები არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობას, ასევე მარკირების და შეფუთვის წესის დარღვევას უკავშირდებოდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს. წლის განმავლობაში ხდება 500-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში გამოკვლევა. გასული წლის მონაცემებით, 2 შემთხვევაში იყო დარღვევა, რაზედაც სააგენტომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის დარღვევა გვხვდება, მათ საჯარიმო სანქციები უწესდებათ.
ბოლო წლებში დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. გასული წლის მონაცემებით, 35 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, აქ იყო ძირითადი დარღვევები რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის, ასევე მარკირების წესის და შეფუთვის წესის დარღვევა“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ილია კუნჭულია .
სპეციალისტების შეფასებით კი ბაზარზე პრობლემა არათუ პესტიციდებისა და ქიმიკატების ხარისხი, არამედ ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არქონაა, რომელიც სრულად შეძლებს პესტიციდების განსაზღვრას სურსათში. როგორც ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია bm.ge-სთან განმარტავს ასეულობით აქტიური ნივთიერებაა, რომლის შემცველობაც სურსათში ვერ მოწმდება.
„საქართველოში არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც სრულად შეძლებს ყველა ქვეყანაში დასაშვებად გამოყენებული პესტიციდის ნარჩენის რაოდენობის განსაზღვრას სურსათში. ჩვენი სურსათის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში გეგმის მიხედვით დადის მაღაზიებში, ბაზრებში, იღებს ნიმუშებს და ამოწმებს არის თუ არა ზედმეტი რაოდენობის პესტიციდი. არასდროს არაფერი პრობლემა არ არის, რადგან იმ ჯგუფზე, რაზედაც ამოწმებენ ის პესტიციდები არ არის პრობლემა, მაგრამ იმის გარეშე ასეულობით აქტიური ნივთიერება, რაც გამოიყენება და ფაქტობრივად ვერც კი მოწმდება და მაგიტომ არ არის პრობლემა.
გარდა იმისა, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული პროდუქცია არ მოწმდება, ჩვენ ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ჩვენი ხილ-ბოსტნეული ადგილზე მხოლოდ სეზონურად არის, არც იმპორტირებული პროდუქცია არ მოწმდება და რომც მოვთხოვოთ ფერმერებს ყველა წესის დაცვა, მაშინ იგივე წესები უნდა გავრცელდეს იმპორტზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
საზღვარგარეთ ლაბორატორიაში მხოლოდ იმ ფერმერების მიერ, ვინც იღებს საერთაშორისო სერტიფიკატებს, ჩვენ გვქონია ასოციაციას შემთხვევა, როცა ათეულობით ნიმუში გაგვიგზავნია და ძირითად შემთხვევაში პრობლემად რაღაც გარკვეული პესტიციდის ჭარბი რაოდენობა ამოდის, რომელიც ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება“, - აცხადებს კუნჭულია.