ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ევროპას, მშვიდობას, ღიაობას და გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც Imedinews-ი წერს, ბიზნესმენი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და "სადავო კანონს" სოციალურ ქსელში, შემდეგი პოსტით ეხმაურება:
„მინდა გამოვეხმაურე ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და რიგითი ბიზნესმენისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, თუ როგორ ვითარდება საქართველო. ცალსახა და უდავოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით! ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მშვიდობა!
საბედნიეროდ, ბევრი პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, მივიღეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, მალე მოლაპარაკებების კარიც გაიღება. როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან!
რაც შეეხება სადავო კანონს, მე როგორც ბიზნესმენი არაერთხელ გავმხდარვარ ბინძური ცილისწამების და დაკვეთილი დეზინფორმაციის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ ცილისწამებების ავანგარდში იდგნენ ადამიანები, რომლებიც, ვითომდა კეთილშობილური მიზნებით, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იხრის კურსს. არადა, სწორედ რუსული პროპაგანდის სტილით ხდებოდა პირადად ჩემზე გაუგონარი ტყუილების გავრცელება და დიახ, სწორედ ეს არის რუსული! ამ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიებს, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულობასთან!
ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ!
მე, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვქმნი უამრავ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭვირვალობას!“, - წერს გიორგი კაპანაძე.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.