მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს - კობახიძე Eagle Hills-ის ოფისის გახსნაზე

ირაკლი კობახიძე

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის კომპანია Eagle Hills-ისგან, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. „დღეს საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ისტორიულ თავსაც წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ასეთი გრანდიოზული კაპიტალდაბანდება უდიდესი ნდობის გამოხატულებაა ჩვენი ქვეყნისადმი და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის სულისჩამდგმელს, მოჰამედ ალაბარს და პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

მისი განმარტებით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია და ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნას ითვალისწინებს.

თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე შენდება „ახალი მწვანე ქალაქი“ – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით.

ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე იქმნება პრემიუმ კლასის კურორტი – „შავი ზღვის ახალი მარგალიტი“, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

კობახიძის თქმით, პროექტები ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც რეგიონულ ლიდერს და საინვესტიციო ცენტრს.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. საქართველოს მთავრობის სახელით ვპირდები სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები