დარწმუნებული ვარ, მომდევნო 2-3 წელიწადში მზის მცირე სადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდება და 100 მეგავატს მიაღწევს, ეს ძალიან რეალური სცენარია, - ამის შესახებ საქართველოში მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე დარჯანიამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ელოდებიან CFD მექანიზმით მხარდაჭერილი სიმძლავრის აუქციონების გამოცხადებას. განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD მექანიზმით პირველ აუქციონზე მზის სადგურების კვოტა 70 მეგავატი იყო. პირველ აუქციონზე გამარჯვებულად 10 პროექტი გამოცხადდა და კვოტა სრულად შეივსო.
„ასოციაციის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ მიაწოდოს ინვესტორებს ინფორმაცია საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, იმის შესახებ, რომ ღირს ამ სექტორში და ზოგადად ქვეყანაში ინვესტირება. ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ ინვესტორებთან. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ინვესტორია დაინტერესებული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ამ სექტორში ინვესტირებით და ყველა ელოდება აუქციონების მეორე ეტაპის გამოცხადებას, რომელიც როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.
საქართველოში მზის ენერგიის ასოციაცია ამ ეტაპზე 16 კომპანიას აერთიანებს.
“კომპანიების რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტები შევიმუშაოთ და ბაზარი უხარისხო პროდუქციისგან დავიცვათ. არ გვინდა, ისეთი ვითარება შეიქმნას, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, როცა დარგის განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქტი დამონტაჟდა. გვინდა, რომ ეს პროცესი ვაკონტროლოთ. ამ ასოციაციის მიზანია დარგის პოპულარიზაცია და ეს არა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, არამედ მთლიანად ასოციაციამ უნდა გააკეთოს", - აღნიშნა დარჯანიამ.