ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოქვეყნებული მონაცემები I კვარტლისაა და არასწორი იქნება, ეს მაჩვენებელი ვინმემ რაიმე თემას დაუკავშიროს. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.
„დღეს გამოქვეყნდა პირველი კვარტალის ინფორმაცია, ამიტომ ძალიან არასწორი იქნება, თუ ამას ვინმე დაუკავშირებს ნებისმიერ თემას, ეს არის პირველი კვარტალის მონაცემები. ანალიზი ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა უკვე რაც ვნახე, პირველადი შეფასებით ეს არის დამმუშავებელ მრეწველობაში შემცირება, სადაც ინვესტიციები იყო ერთჯერადად მაღალი. შესაბამისად, აქ მოხდა შემცირება. ზოგადად თუ შევხედავთ, საარჩევნო წელს ინვესტიციები ცოტა უფრო შენელებულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით, რომ წელს ინვესტიციების მხრივ იქნება ზრდა. [აშშ-ის]სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არავის აქვს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რამეზე, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კითხვაზე, რას ველოდებით დანარჩენ კვარტალებში, როცა ფაქტობრივად, სავიზო სანქციები უკვე დაწესებულია, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა: „ვის აქვს სანქცია, მე ინფორმაცია არ მაქვს, თუ არ ვცდები არც არავის აქვს ეს ინფორმაცია. ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანაში ეს არის უზრუნველყოფილი. ქვეყანაში კურსი იგივეა, რაც აქამდე ჰქონდა. არაფერი შეცვლილა და მე არ ვფიქრობ, რომ მომავალში ინვესტორები რაიმე შეფერხებას დაინახავენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ინვესტიციების მოცულობა ჯამურად იქნება მზარდი“.