კომპანია GDB-ის პარტნიორი, ბიზნესმენი ივა ჭყონია დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც რეფერენდუმის ფასი აქვს, ბიზნესი „სწორ არჩევანს“ გაკეთებს.
„შეიძლება, ბიზნესმენი მმართველი პარტიის შემომწირველი იყოს, მაგრამ მისმა ოჯახის წევრებმა და თავადაც ხმა სხვა პარტიას მისცეს... დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის რეფერენდუმში ბიზნესი სწორ არჩევანს გააკეთებს“ - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ივა ჭყონიამ.
მისივე შეფასებით, ქართველ ბიზნესმენებს საკუთარი ქვეყანა ძალიან უყვართ.
"ისინი ძალიან მაგარი მოქალაქეები არიან; ვიცი, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებენ ოქტომბრის რეფერენდუმშიც ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ვიღაცა რაღაცის გამო ვიღაცის მომხრეა. ყველა ხედავს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში. შეიძლება, ვიღაცას რუსეთშიც აქვს ფული ნაშოვნი ან ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ გადმოიტანა საქართველოში და არავის სჭირდება იმ სიბინძურეში დაბრუნება....
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ევროპული მომავალი უნდა და ზოგ ბიზნესმენს ახლა სინდისი ქენჯნის, რომ მათი შვილები გარეთ იყვნენ და თვითონ დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებდნენ. მართალია, „რუსული კანონის“ გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, ზოგიერთი ბიზნესმენის მიერ მაშინ გაკეთებული განცხადება პირდაპირ მმართველი პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავდა, თუმცა მაშინ ისეთი ემოციური და საპროტესტო ფონი იყო, რომ ადამიანები გაბრაზდნენ. მე ამ ვითარებას სხვა კუთხით ვუყურებდი და ვხვდებოდი, რა სიტუაციაში იყო ბიზნესი ან როგორ შეიძლება, ყველა ბიზნესმენმა ერთ დღეს გაიღვიძოს და ერთდროულად გააკეთოს მსგავსი განცხადებები?!“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.