„განა ფაშისტებმა ებრაელები ეგრევე საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს?! ჯერ უთხრეს, აღირიცხეთო, მერე უთხრეს - გულზე დავითის ყვითელი ვარსკვლავი ატარეთო და მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ“, - ეს განცხადება მენეჯერმა, ბანკირმა 30-წლიანი გამოცდილებით, ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.
ნიკოლოზ შურღაია ამბობს, რომ როგორც მოქალაქე გულდაწყვეტილია, რადგან შარშანდელი პროტესტის მერე, რომლის შედეგადაც, მმართველმა ძალამ „აგენტების კანონი“ უკან გაიწვია, წელს „რუსული კანონის“ მიღება პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დააბრუნეს.
„სიტყვის გატეხა ძალიან ხშირად ხდება, რაც ნდობას არყევს; თუნდაც ეს კანონპროექტი რომ მეორედ შემობრუნდა, არ ვიცი, ამას დავარქვა“, - ამბობს ის.
ნიკოლოზ შურღაიას დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს. „რუსული კანონი“ პირადად მის არასამთავრობო ორგანიზაციას ჯერ არ ეხება, თუმცა არ მიაჩნია, რომ ამის გამო ჩუმად უნდა იყოს, რადგან „რუსული კანონი“ ირიბად ყველას შეეხება.
- განა ფაშისტებმა ებრაელები ეგრევე საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს?! ჯერ უთხრეს, აღირიცხეთო, მერე უთხრეს - გულზე დავითის ყვითელი ვარსკვლავი ატარეთო და მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.
რუსეთშიც ჯერ შედარებით რბილი კანონი შემოიღეს, მერე გაამკაცრეს და გაამკაცრეს და ახლა რა ხდება რუსეთში, ყველა ვხედავთ... როცა ქვეყანაში ასეთი სუსტი ინსტიტუციები გვაქვს, როცა უფროსის ნებას ქვეშევრდომი ვერ შეეპასუხება, ვფიქრობ, სახელმწიფო ინსტიტუტებს ძალიან გაუჭირდებათ შეეწინააღმდეგონ, როცა ზემოდან ამას ეუბნებიან... სამი წლის განმავლობაში როგორი რაღაცები მოხდა ჩვენ ქვეყანაში და საინტერესოა, ეს ადამიანები თუ წარმოიდგენდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ, თუ გაიხსენებდნენ საკუთარ თავებს სამი წლის უკან, ანუ ნელ-ნელა ხდება... არიან დიდოსტატები, რომლებიც ნელი მოქმედებებით „სასწაულებს“ ახდენენ. ამაზე დავფიქრდეთ.
- რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას?
- ვცდილობ, მათი მხრიდანაც შევხედო საკითხს... გავიხსენო ფინეთის მაგალითი, რომელიც ათწლეულობით ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთთან და ბევრი ამის გამო დასცინოდა, მაგრამ გაძვრნენ - ჯერ ევროკავშირში შევიდნენ, ახლა უკვე - ნატოშიც, მაგრამ ისინი მუშაობდნენ, რომ ქვეყანა შეკრულიყო, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობდნენ, ერის სულიერ გაძლიერებაზე ზრუნავდნენ...
- მმართველი ძალის ნაბიჯებში ლოგიკას ხედავთ?
შეიძლება, საკუთარ თავთანაც ამას ამართლებენ იმით, რომ სხვა შემთხვევაში რუსეთი ამას გვიზამს... იმას გვიზამს და ა.შ. მაგრამ მეორე მხარეს სხვა მოტივაციასაც ვხედავ, რის განხილვაშიც არ მინდა შევიდე. ჩემი გარემოცვის დიდი ნაწილი ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეა, მაგრამ მყავს ისეთი მეგობრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერესების ჭიდილია და ა.შ. მაინც ჩვენი დები და ძმები არიან. ძალა ერთობაშია - ეს ხომ ერის დევიზია... გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, რომ ეს კანონი ისევ შემობრუნდა.