ვარ ღირსების ორდენოსანი და ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში - ასე მიმართა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კორუფციაში ბრალდებულმა რომეო მიქაუტაძემ სასამართლოს.
მიქაუტაძის თქმით, დარწმუნებულია სასამართლოს სიჯანსაღეში და იმაში, რომ დაცული იქნება შეჯიბრებითობის პრინციპი.
"ჩემი ცხოვრების 24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის წარმატებული კარიერა, სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც მოგახსენეთ, მაქვს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული წარჩინებით, მყავს ოჯახი, ვარ ღირსების ორდენოსანი და ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში და იმაში, რომ ეს ყველაფერი იქნება შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია", - განაცხადა მიქაუტაძემ პროცესზე.
რომეო მიქაუტაძეს ორდენი მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისათვის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისას პროექტის ხელმძღვანელობისთვის გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მიქაუტაძის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




























