მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვართ, მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება - თავდაცვის მინისტრი "ღირსეული პარტნიორის" შეჩერებაზე

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რაც ფინანსურ დახმარებას ეხება, „საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა“.

კითხვაზე, რას ნიშნავს პრემიერის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას და საქართველოს ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება პარტნიორების მხრიდან, ჩიქოვანი პასუხობს:

„პრემიერ-მინისტრის და ჩვენი ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით საუბარი ახლა არ იქნება უპრიანი. აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, რომელიც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და ეს პოზიციები საბოლოო ჯამში უნდა დაახლოვდეს. ამის შესაძლებლობას ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს’, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ აშშ-ის მხრიდან ღირსეული პარტნიორის წვრთნების გადადებას და მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა მთავრობისთვის, რადგან წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ წვრთნები, და განსაკუთრებით საერთაშორისო წვრთნები ატარებენ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ისთვის და ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გარდა, ასევე გამოცდილებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს, შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება. მეორე მხრივ, ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე განცხადებები გაკეთდა აშშ-ის მხრიდანაც. თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ჩვენ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის.

რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება იქნება გადახედილი, ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებზე იყო მიმართული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივად განხორციელებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა, საქართველოს “ევროპული სამშვიდობო ფონდიდან” €30-მილიონიანი ტრანში გაუჩერა, ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქვეყანაში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები