მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დატოვებენ თუ არა საქართველოს ბაზარს საერთაშორისო ბრენდები? - პროგნოზები

600710d06ca00
თათია ჩაფიჩაძე
20.01.21 00:00
1178
საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან კიდევ უფრო მეტი ბრენდი გავა, ბრუნვა კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით შემცირდება.

2021 წელთან მიმართებით ცუდი მოლოდინები აქვს შპს "მეგასპორტის" დამფუძნებელს. დავით ჩხეიძე ამბობს, რომ გახსნის შემთხვევაშიც კი სექტორს თებერვლიდან მაისამდე თავის გადარჩენისთვის აუცილებელი თანხები არ აქვთ, რის გამოც შემომყვან კომპანიებს რიგ ბრენდებთან დამშვიდობება მოუწევთ.

„იმ პერიოდშია დაგეგმილი მოლების გახსნა, როცა ყველაზე მეტად უჭირს რითეილ სექტორს. მაშინ უწევს გადავადებული დავალიანებების გადახდა, როგორც საბანკო საპროცენტო განაკვეთების, ისე ქირების და ეს მაშინ როცა გაყიდვების ყველაზე დაღმავალი ტრენდია. გაყიდვები რომ ვნახოთ, თებერვლიდან მაისამდე ყველაზე რთული პერიოდია. ამ პერიოდის გადატანას ვახერხებთ ხოლმე ზამთარში აკუმულირებული თანხებით, ამით ვყიდულობთ ახალ პროდუქციას, რისი საშუალებაც ახლა არ გვაქვს. კი ნაწილობრივ მოხერხდა ეს 9 დღეში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ახლა საუბარია იმაზე, გადარჩები თუ არა, როგორ მოხდება ბანკებთან და სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკება. ბევრი ვერ შეძლებს გადახდას და საქმიანობის გაგრძელებას, ზოგს ვისაც ერთი ბრენდი აქვს, შესაძლოა საერთოდ დაამთავროს სიცოცხლისუნარიანობა, ზოგმა შეიძლება 5 და 10-დან 2 ან 3 დაიტოვოს, შეიძლება ყველა დატოვოს გამორიცხული არაფერია, თუმცა წელი ურთულესი იქნება.

ჩვენ ამ ეტაპზე კბილებით გვიჭირავს პარტნიორებთან ურთიერთობა, ისინიც არ არიან მარტივ მდგომარეობაში და მიდის ისეთ გეგმებზე საუბარი, რომ ბაზარი არ დაიკარგოს“, - განაცხადა დავით ჩხეიძემ.

კითხვაზე იგეგმება თუ არა საერთაშორისო ბრენდების გასვლა ქვეყნიდან ამ დროსითვის პასუხი არ აქვთ "რითეილ გრუპ ჯორჯიაში". რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები რადენიმე თვეში მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც შეზღუდვები მოიხსნება და სექტორი ბაზრის ზომას შეაფასებს.

მაღალაშვილი ვარაუდობს, რომ კრიზისთან გამკლავებას მსხვილი ჯგუფები შეძლებენ, ხოლო მათ ვისაც მცირე რაოდენობის ბრენდები ჰყავთ შემოყვანილი, ბაზრის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

შექმნილი ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე მაღალაშვილი ასევე პროგნოზირებს, რომ მომხმარებელი ძვირადღირებულიდან საშუალოზე, საშუალოდან კი დაბალ სეგმენტზე გათვლილ ბრენდებზე გადავა.

„ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე უფრო მოსალოდნელია, რომ პრობლემები მაღალფასიან სეგმენტზე გათვლილ ბრენდებს შეექმნათ და გადართვა მაღალფასიანიდან საშუალოზე და საშუალოდან დაბალზე მოხდეს, თუმცა კონკრეტულ ბრენდებს ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ეკონომიკური პრობლემები ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ბრენდებს წარმოადგენენ, ისინი დადგებიან არჩევანის წინაშე დარჩნენ ბაზარზე თუ არა და თუ დარჩებიან ფოკუსირებას მოახდენენ მათი ბრენდების კონკრეტულ ჩამონათვალზე, იმაზე, რომლებიც შემოსავლის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ“, - აცხადებს მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, გასულ წელს, არაერთმა ბრენდმა ქართული ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორისაა Banana Republic-ი, Yargici და Promod-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები