მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა“ - სახალხო დამცველის რეკომენდაცია Bolt-ს

60c8b8f55d7b1
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 18:30
1438
სახალხო დამცველის აპარატი მიტანის სერვისის კომპანია „ბოლტს“ რეკომენდაციით მიმართავს და 24 მარტს კურიერების გაფიცვის გამო, აპლიკაციაზე წვდომის შეჩერების გადაწყვეტილების გაუქმებას ურჩევს.

საქმე ისაა, რომ „ბოლტ ფუდის“ კურიერებმა გაფიცვა კომპანიის მიერ მათთვის საკომისიო გადასახადის შემცირების გამო, 23 მარტს დაიწყეს, რის შემდეგაც კომპანიამ 24 მარტს მათ აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა. გაწყვეტილი შრომითი ურთიერთობის მიუხედავად „ბოლტ ფუდის“ კურიერებს საპროტესტო აქციები არ შეუწყვეტიათ და უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივ გზას მიმართეს.

BM.GE სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველს მომართეს „ბოლტის“ კურიერებმა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციის გამართვისა პროფკავშირის შექმნის გამო, კომპანიამ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა - შეუზღუდა აპლიკაციაზე წვდომა.

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში „ბოლტი“ აღნიშნავდა, რომ კომპანიასა და განმცხადებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც „Bolt Food“-ის და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას ხელი შეუშალეს.

წინამდებარე გადაწყვეტილებით სახალხო დამცველს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა შრომითი ურთიერთობა კომპანიასა და კურიერებს შორის და ამ ურთიერთობის შეწყვეტა კურიერების პროტესტით ხომ არ იყო განპირობებული.

საერთაშორისო ინსტიტუტების და სხვადასხვა იურისდიქციების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის „ბოლტის“ კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

რაც შეეხება კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვას, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას წარმოადგენდა, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ბოლტს“ მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა; რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც, პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები