სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კომპანიების მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა მზარდია.
2024 წელს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში შესული საჩივრების რაოდენობა 1,172-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წელს საბჭოში 1006 საჩივარი იყო წარდგენილი. მონაცემების თანახმად, 62% საჩივრების დაკმაყოფილდა სრულად ან ნაწილობრივ.
დარგის სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ არსებული სტატისტიკა ანალიზის საშუალებას არ იძლევა, რეალურად რამდენად სრულდება დავების საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
როგორც იურისტი, კომპანია "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი BMG-სთან აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციები დავების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას თავს არიდებენ. ბადრი ნიაური ამბობს, რომ შედეგად, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ტენდერებში მაინც ის კომპანიები იმარჯვებენ, ვისზეც თავდაპირველად შესყიდვების პირობები იყო მორგებული.
“დავების საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულო რეკომენდაციაა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაციები სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ. შემსყიდველები ცდილობენ, თავი აარიდონ მათ შესრულებას და ისევ ის გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც დავების საბჭოში სადავო იყო. თუ რომელიმე კომპანია ბოლომდე არ მიჰყვა დავას და ზოგჯერ ამისთვის ერთი და იგივე ტენდერის 8-9 ჯერ გასაჩივრებაა საჭირო, ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონს მიღმა რჩება. ხშირად დავების საბჭოს გადაწყვეტილებები შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არ რეალიზდება. ორგანიზაციები კანონის კანონის “თეთრი ლაქებით სარგებლობენ. შესაბამისად, ტენდერებში კვლავ ის კომპანიები იმარჯვებენ, ვისზეც ესა თუ ის ტენდერია მორგებული.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დავების საბჭოს გარკვეული განახლება და რეფორმა სჭირდება, სადაც საბჭო როგორც არბიტრი ისე იქნება ჩართული და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან შემსყიდველების ქმედებების გამო ბიზნესის ნდობა დავების საბჭოს მიმართ დაკარგულია”, - განაცხადა ბადრი ნიაურმა.



























