მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: არაა სწორი, როდესაც ფონდში რკინიგზა, GOGC, ელექტროსისტემა შედიან

5e0b3595399af
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.19 17:00
3522
"საპარტნირო ფონდის" CEO დავით საგანელიძე BMG-ისთან საუბარში 2020 წელს მის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბარობს. საგანელიძის თქმით, 2020 წლის პირველ ნახევარში საზოგადოებას, სავარაუდოდ, წარედგინება ახალი მოდელი, რომლითაც დიდი ალბათობით შეიცვლება ის მოდელი, რითაც ორგანიზაცია იმართება. 

ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციული ცვლილება, რაც საპარტნიორო ფონდში შეიძლება მოხდეს, რკინიგზის, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და სხვა სახელმწიფო კომპანიების ფონდის შემადგენლობიდან გამოსვლაა. დავით საგანელიძე ამბობს, რომ მისი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ეს კომპანიები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან. 

"საპარტნიორო ფონდი" თავის დროზე სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი კომპანიების მართვით მიღებული დივიდენდების საინვესტიციო პროექტებისკენ მიმართვითვის შეიქმნა. ფონდის მფლობელობაშია ისეთი კომპანიები, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა აქტივები. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ უშუალოდ საპარტნიორო ფონდი ამ კომპანიებს არ მართავს. ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენს ფაქტი, რომ აღნიშნული სახელმწიფო კომპანიების დიდი ნაწილი არის ზარალზე, შესაბამისად, თავად საპარტნიორო ფონდიც ზარალზეა. მხოლოდ 2018 წელს ორგანიზაციის წაგებამ 609 მილიონი ლარი შეადგინა. 

დავით საგანელიძე BMG-სთან საპარტნიორო ფონდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრობს:


- რა ცვლილებები იგეგმება საპარტნიორო ფონდში? 

- დამერწმუნებით, საპარტნიორო ფონდს სჭირდება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები. ამაზე უკვე სამი - ოთხი წელია არის აქტიურად საუბარი, წელს უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ბორდთან შეთანხმებით დავიწყეთ ამაზე საუბარი.სავალუტო ფონდიც არის ჩართული ამ დისკუსიაში. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარტნიორო ფონდი, გარკვეული ხარვეზებიანი სტრუქტურა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, მაშინ მოგეხსენებათ სხვა გამოწვევები იყო, სხვა ამოცანები იყო, რეფორმირდეს... დღეს როდესაც ფონდი რეალურად არ მართავს თავის შვილობილ კომპანიებს, როგორიცაა რკინიგზა, სახელმწიფო ელექტროსისტემა, გაზის და ნავთობის კორპორაცია, რაც სწორია რომ არ მართავს, მაგრამ არ არის სწორი, რომ ფონდში შემოდის ეს კომპანიები. ეს არის მხოლოდ დოკუმენტზე, დე-იურედ. მე ვფიქრობ და ეს აზრი დიდი ხანია არსებობს უკვე, რომ ეს კომპანიები უნდა იმართებოდნენ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ და არ უნდა იყვნენ ჩვენს განკარგულებაში. შესაბამისად, საპარტნიორო ფონდს უნდა ჰქონდეს სუფთა საინვესტიციო მიმართულებებზე მეტი აქცენტები გაკეთებული. შესაბამისად, სტრუქტურაც ამაზე უნდა იყოს მორგებული. ფონდის რეგლამენტი, ფონდის დებულება, უნდა იყოს უფრო კონცენტრირებული საინვესტიციო საქმიანობაზე. ვგულისხმობ მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, მე ვგულისხმობ გადამამუშავებელ წარმოებას, ბუნებრივ წარმოებას, ეს უნდა იყოს ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის პრიორიტეტი. გარკვეულწილად ცვლილებები უნდა იყოს ალბათ ბორდში, სასურველი იქნებოდა მეტი ჩართულობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ბორდის საქმიანობაში.

2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ალბათ გატარდება ეს ღონისძიებები (იგულისხმება რეორგანიზაცია/რეფორმირება), მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტივი თემა, როგორც მოგეხსენებათ ფონდს საკმაოდ ბევრ პროექტში აქვს მონაწილეობა. საკმაოდ ბევრია ის იურიდიული - ბიუროკრატიული დეტალები, რომლებიც ასეთ სერიოზულ ცვლილებებს სჭირდება.

- დარჩება თუ არა რეფორმირებულ ფონდში რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია და სხვა მსხვილი აქტივები?

- ეს არის სწორედ ჩემი ხედვა. მე ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ მე სწორედ ვფიქრობ, რომ იგივე საქართველოს რკინიგზა, იგივე გაზისა და ნავთობის კორპორაცია, ელექტროსისტემა, თელასის აქციები და სხვა, ეს ყველაფერი დღეს არის ფონდში და რომელთა დივიდენდებიც არის დღეს ფონდის შემოსავლის წყარო, ეს ორგანიზაციები არ უნდა იყოს ჩვენთან, ჩვენ ალბათ მხოლოდ საინვესტიციო პროექტები ვმართოთ. ფორმალურად გაურკვეველია დღევანდელი სიტუაციით, რატომ უნდა არსებობდეს ფონდში, რაც გარკვეულ ხარვეზებს, პრობლემებს ქმნის. როდესაც არ მართავს კომპანიებს ამ კომპანიებზე პასუხისმგებლობაც ბუნებრივია არ უნდა იყოს.

- პრემიერის მხარდაჭერა თუ გაქვთ ამ მიმართულებით?

- მოხარული ვარ, რომ პრემიერი ძალიან კარგად, გაერკვა ამ თემებში. ის ბორდის წევრიც იყო მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. დღეს პრემიერი საკმაოდ აქტიურად არის ამ განხილვებში ჩართული. ცვლილებები, ვფიქრობ, რომ ფონდს მისცემს საშუალებას ზედმეტი პრობლემებისგან გათავისუფლდეს.

 - რა იქნება დაფინანსების წყარო რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდში?

- ეს საკითხიც იხილება. ზოგადად, ასეთი ტიპის ფონდების - განვითარების ბანკების დაფინანსების წყარო ბიუჯეტია, თუმდა მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენ ბიუჯეტის გარეშე მოვახერხოთ ჩვენი საქმიანობა. ეს შეიძლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივებით მოხდეს. სხვადასხვა საპრივატიზაციო ობიექტების თუ უძრავი ქონების სახით, რომელიც შესაძლებელიცაა და აუცილებელიცაა, რომ ფონდმა გამოიყენოს სხვადასხვა ბიზნესპროექტებში ჩართულობით.

მე შევამცირებდი იმ თანამონაწილეობასაც, რომლითაც ფონდი სხვადასხვა პროექტებში შედის. შესაძლებელია, რომ ჩვენი თანამონაწილეობა იყოს სახელმწიფო ქონებით და არა იმ ფულადი აქტივებით, რომლებიც ფონდს გააჩნია, რათა ფულადი აქტივების გამოყენების მინიმიზაცია გავაკეთოთ, რათა დავზოგოთ ამაში ფული.

ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ითხოვს სახელმწიფოსთან პარტნიორობას, მათი ინვესტიციის გარკვეული გარანტია არის ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურა იქნება მათი პარტნიორი ბიზნესში. ჩვენ თუ ამას შევძლებთ ისე, რომ დიდი ფულადი აქტივების ნაცვლად პროექტებში შევალთ იმ დიდი მატერიალური აქტივებით, რომლებიც დღეს გამოუყენებელია დღეს სახელმწიფოსთვის და მაქსიმალურად გაავააქტიურებთ მის ბრუნვას, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ დიდი ფულადი კონტრიბუცია გავაკეთოთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები