მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი კლინიკების გადმოცემას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა

5e0ef1cc554f5
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 16:10
3259
2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა გადასცა, ესენია -"რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი." დღეს ეს კლინიკები კვლავ საქართველოს მთავრობას უბრუნდება.

BMG-ისთან საუბარში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ფონდი ჯანდაცვის ობიექტების მართვაში შესვლას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა და საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში დარჩა საავადმყოფოები, რომელთაც თავად ფონდი - "სრულიად ამორტიზებულსა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს" უწოდებს.

- კლინიკების მართვის კომპანიაზე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს და ახალ მინისტრს აქვს ახალი პოლიტიკა, ფუჭი შრომა ხომ არ გამოვიდა ამ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნა, პროექტებზე მუშაობა, რა ბედი ელის ამ კომპანიას?

“ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ისტორიას, ოთხი წლის წინ, როდესაც საპარტნიორო ფონდს გადმოეცა სამი კლინიკა მართვაში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, ამის წინააღმდეგი ფონდი იყო, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ფონდში ჩემს მოსვლამდე. წერილობითაც ფონდი აცხადებდა ამის შესახებ. ფონდი იყო წინააღმდეგი, რომ სანამ არ გადაწყდებოდა ინვესტორის საკითხი არ მომხდარიყო გადმოცემა. ფონდის საქმიანობაში კლინიკების მართვა არ შედის, არც პოტენციალი და ადამიანური რესურსი საპარტნიორო ფონდს არ აქვს, მართოს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიები. მაშინ გადაწყვეტილი იყო, რომ 2016 წელს ინვესტორი შემოდიოდა, ერთ-ერთი ავსტრიული კომპანია, საპარტნიორო ფონდი, როგორც სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყო პარტნიორი ამ უცხოელი ინვესტორის. თუმცაღა, მაშინ, სამწუხაროდ, კონტრაქტი არ შედგა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გარკვეულწილად ვერ მოიწონა ის კონტრაქტი და პროექტი. უნდა ვთქვა, რომ თითქმის სამი წელი ეს კლინიკები შერჩა საპარტნიორო ფონდს მართვაში. ეს იყო საკმაოდ რთული ჩვენთვის. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეძებნა ინვესტორი ამ კლინიკებისთვის, ვნახეთ კიდეც ასეთი ინვესტორი, რომელიც 50 მილიონის ინვესტიციას გეგმავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ კლინიკის გარემონტების და აღჭურვის შემდეგ გეგმავდა გადმოყვანას ინფექციურის, ხოლო ონკოლოგიურის და ბავშვთა ინფექციურის ბაზაზე იგეგმებოდა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა. თუმცაღა, დღევანდელმა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო ხედვა წარადგინა. რეფორმა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჯანდაცვაში, ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება, ამ სისტემაში მოექცევა ეს კლინიკები, როგორც საბაზისო კლინიკები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის. ეს შეიძლება იყოს გარკვეული გამწევი თემა იმ პრობლემების, რომელიც დღეს კერძო ჰოსპიტალურ სექტორში არსებობს. ფონდმა უკვე მიმართა მთავრობას, რომ ეს კლინიკები გადაეცეს ისევე ჯანდაცვის სამინისტროს. პროცესი დაწყებულია, იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტს განახორციელებს. ჩვენთვის კი უნდა ვთქვათ, რომ ძალიან რთული და ძალიან მძიმე პერიოდი და საქმიანობა, რომელიც ჯანდაცვის ობიექტების მართვას ეხება, ჩვენ ამ ტვირთისგან გავთავისუფლდებით,”- ამბობს დავით საგანელიძე.

“საპარტნიორო ფონდი” აღნიშნულ კლინიკებს კომპანია “კლინიკების განვითარების კომპანიის” მეშვეობით მართავდა. ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური შედეგების მიხედვით, 2018 წელს მათ რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ.

2018 წლის განმავლობაში "კლინიკების განვითარების კომპანიის" შემოსავალი - 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი, 3,194,000 ლარი იყო.

ჯამში, აღნიშნული კლინიკების აქტივების ღირებულება 181,349,000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები