"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გოზალიშვილი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სს „აზოტში“ და შპს „ნეოგაზში“, ასევე იყო შპს „აქვა გეოსის“ და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი.
გოზალიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კერძო სექტორში, რაც სამინისტროს ცნობით, მის საქმიანობას სააგენტოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხელს უწყობს.
გიორგი დარჩიამ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი სექტემბრის დასაწყისში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს არაერთი თანამშრომელი და დაკავშირებული პირი სხვადასხვა დროს დააკავა. მათ შორის, პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე.




























