მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაზღვევის ინდუსტრიის წმინდა მოგებაში დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ძალიან დიდია - „არდი“

მიხეილ ჯაფარიძე

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, დაზღვევის ინდუსტრიის წმინდა მოგებაში დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ძალიან დიდია.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მიმდინარე წლის 6 თვეში ბაზარზე არსებული 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ გამომუშავებული 56 მილიონი ლარის წმინდა მოგებიდან ნახევარზე მეტი სწორედ დეპოზიტებიდან მიღებულ სარგებელზე მოდის.

„სადაზღვევო კომპანიები ორი გზიდან იღებენ შემოსავალს: პირველი - უშუალოდ დაზღვევის სახეობებია, მეორე - ბანკების ანგარიშებზე არსებული დეპოზიტები, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ობიექტურად სჭირდებათ, რათა დაიცვან საზედამხედველო ნორმები. შესაბამისად, დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ყველა სადაზღვევო კომპანიაში, მათ შორის „არდიშიც“ არის ძალიან დიდი - თითქმის ნახევარზე მეტი. [დეპოზიტებიდან სარგებელი] არის კონტრიბუტორი ჩვენი მოგების და თუ ამას გავითვალისწინებთ, სადაზღვევო კომპანიების მარჟა ძალიან მოკრძალებული გამოდის“, - განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ და ის ფაქტორებიც ახსნა, რატომაც წელს, 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ₾11 მილიონითაა შემცირებული.

„სადაზღვევო კომპანიებს ხარჯები გაეზარდათ, რაც მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯებს, ხელფასებს, ტექნოლოგიებში ინვესტიციებს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გაწეულ ხარჯებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის სექტორი განვითარების საწყის ფაზაშია, ბაზარზე ძალიან მაღალია კონკურენცია და შესაბამისად, დაბალმარჟიანი“, - აღნიშნა მან. „წერტილთან“ ინტერვიუში „არდის“ გენერალურმა დირექტორმა 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 802 მლნ ლარის პრემიაც შეაფასა, რაც წლიურ 12.5%-იანი ზრდაა და შარშანდელ 20,5%-იან ტემპს ჩამორჩება. 2025 წლის 6 თვეში სადაზღვევოებმა 802 ₾მილიონის პრემია მოიზიდეს - კომპანიების რეიტინგი „გარკვეული „გაციება“ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დროებითია. დაველოდოთ“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მესამე და მეოთხე კვარტალებში სადაზღვევოების მიერ მოზიდული პრემიების ზრდის ტემპი გაიზრდება. „თუ იქნება სტიმულები, დაზღვევის ინდუსტრია უფრო მეტად განვითარდება. შესაბამისად, 12.5%-ინი ზრდაა კარგია, მაგრამ ნაკლებია იმაზე, რაც იყო შარშან 6 თვეში. 13%-იანი ზრდა შეიძლება კარგია გაჯერებული ინდუსტრიებისთვის, მაგრამ დაზღვევის სექტორში, სადაც სულ ვქადაგებთ, რომ ზრდის ძალიან დიდი პოტენციალია, უფრო მაღალ ზრდას ველოდებით. იმედი მაქვს, მესამე და მეოთხე კვარტალში ბაზარი ძველი ტემპით ზრდას გააგრძელებს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას „არდის“ გენერალურმა დირექტორმა ვრცლად ისაუბრა დაზღვევის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის დაზღვევის სავალდებულო სახეობების შემოღების საჭიროებაზე სექტორის ზრდისთვის, რაშიც სახელმწიფოს პოლიტიკური ნება მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები