მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზიანდა ჭერის მცირე ნაწილი, რომელსაც "ანაგი" შეაკეთებს - აეროპორტების გაერთიანება

64ad3cc62cce1
მარიამ ვარადაშვილი
11.07.23 15:37
748
ძლიერი წვიმის გამო გუშინ გვიან ღამით ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში იღებს რეიებს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში BMG-ის უთხრეს, რომ ქუთაისის აეროპორტში ჭერის მცირე ნაწილი დაზიანდა, რასაც სამშენებლო კომპანია “ანაგი” შეაკეთებს. მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია არსებული კონტრაქტის ფარგლებში, უფასოდ გააკეთებს. 

“ამჟამად ადგილზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე სწავლობენ. უხვი ნალექის გამო ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელში დაზიანდა თაბაშირ-მუყაოს ჭერის, ე.წ. შუბლის მცირე ნაწილი, რომელსაც კომპანია ,,ანაგი" უმოკლეს პერიოდში შეაკეთებს”,-აცხადებენ აეროპორტში.

სწორედ სამშენებლო კომპანია “ანაგმა” 2021 წელს გაარემონტა აეროპორტის ტერმინალი. კერძოდ, სახელმწიფო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ გაარემონტა აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავი, ასევე მოაპირკეთა ვიტრაჟები და ფასადი. ამ მომსახურებაში აეროპორტების გაერთიანებამ ჯამში დაახლოებით 18.7 მლნ ლარი გადაიხადა.


მომხდართან დაკავშირებით BMG-თან კომენტარი "ანაგმაც" გააკეთა. მათი ინფორმაციით, აეროპორტების გაერთიანებასთან  გაფორმებული ხელშეკრულებები არ მოიცავდა იმ სამუშაოებს, რომელთა შედეგადაც აეროპორტში ჩავიდა წყალი, კერძოდ, პირველადი შესწავლის შედეგად, შესაძლებელია ითქვას, რომ აეროპორტის შენობაში წვიმის წყლის ჩამოსვლის მიზეზი იყო სახურავიდან წყლის გადაყვანის გებერიტის სისტემის გაუმართავი მუშაობა.

"სისტემის გაუმართაობის მიზეზი იყო სახურავზე წყლის მიღების წერტილების (ადგილები საიდანაც წვიმის წყალი ხვდება გებერიტის სისტემაში) დაბინძურება-გაბიდვნა. პრაქტიკაში გებერიტის სისტემებს აყენებენ დიდი ფართობის მქონე ბრტყელ გადახურვიან შენობებზე, რადგანაც აღნიშნულ სისტემის მუშაობისთვის არ არის საჭირო სახურავს ჰქონდეს დახრა. გებერიტის სისტემას შეუძლია სახურავზე დამდგარი 1-2 სმ სიმაღლის წყალი, წყლის მიმღები ადგილებიდან შეიწოვოს მაღალი სიჩქარით და გადაიყვანოს სახურავიდან. სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, რომ სახურავზე წყლის მიმღებები და მათ ირგვლივ ადგილები მუდმივად სუფთავდებოდეს, რადგანაც მათი მცირედი დანაგვიანებაც კი არაეფექტურს ხდის სისტემას.

პირველადი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული წყლის მიმღები და მათ ირგვლის არსებული ადგილები იყო დაბინძურებული-გაბიდნული. იმის დამიუხედავად, რომ ქუთაისის აეროპორტის შენობაზე, გებერიტის წყლის გადაყვანის სისტემა არ არის კომპანია ანაგის მიერ დამონტაჟებული, კომპანია მისი კეთილი ნების საფუძველზე უზრუნველყოფს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანებული ჭერის ფრაგმენტის აღდგენას, რადგან აღნიშნული ჭერის სამუშაოები საკმაოდ სპეციფიკურია და მოცემულ სამუშაოებს ანაგი სწრაფად და შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინებით შეასრულებს.

მნიშვნელოვანია, რომ წყლის ჩასვლის გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, აუცილებელია მოხდეს საკითხის გამოკვლევა შესაბამისი სპეციალისტების-ექსპერტების მიერ, რაც უკვე უზრუნველყო აეროპორტების გაერთიანებამ და რასაც მივესალმებით",-აცხადებენ კომპანიაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები