ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, დემოკრატი დეპუტატებისგან საკმარისი ხმები მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს და ნოემბრის არჩევნებში წინააღმდეგობა დონალდ ტრამპს გაუწიოს - ამის შესახებ ცნობილი Associated Press-ის გამოკითხვიდან ხდება.
AP-ის დემოკრატიული დელეგაციის გამოკითხვა არაოფიციალური კენჭისყრაა, რომელშიც პარტიის წევრები მათთვის სასურველ კანდიდატს აფიქსირებენ. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატად დასამტკიცებლად კამალა ჰარისს 1976 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება - გამოკითხვაში კი ვიცე-პრეზიდენტს მხარი 2668-მა დემოკრატმა დაუჭირა.
AP-ის ინფორმაციით, ამერიკის სხვადასხვა შტატის დელეგაცია ორშაბათს, გვიან ღამით შეიკრიბა. დელეგატები გამოცემასთან აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს არ დასახელებულა არც ერთი კანდიდატი, გარდა კამალა ჰარისისა, რომელმაც დელეგაციის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. ამის მიუხედავად, კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა. დემოკრატები საბოლოო არჩევანს აგვისტოს კონვენციაზე გააკეთებენ, სადაც თითოეული მათგანი არჩევანში თავისუფალია.
ჰარისის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში ვიცე-პრეზიდენტმა დონაციების სახით $81 მილიონი მიიღო, რაც აშშ-ის ისტორიაში რეკორდულია - ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნიდან ერთი დღის განმავლობაში 888 000 შემომწირველიდან თითოეულმა დემოკრატიულ პარტიას $200-ზე ნაკლები შესწირა - BBC-ის ინფორმაციით, ის დონორები, რომლებიც პარტიის დაფინანსებისგან თავს ჯო ბაიდენის ასაკის გამო იკავებდნენ, ამ დაბრკოლებას ვეღარ ხედავენ და დემოკრატიული პარტიის დაფინანსებას გააგრძელებენ.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს გამოუცხადა.