მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გაუარესდა, მას სომხეთი და უკრაინა უსწრებენ

6204d33ce5c3b
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 13:00
2661
The Economist-მა 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. ახალ ინდექსში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა, ის 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა, თუმცა უცვლელია ქვეყნის პოზიცია და ის კვლავ 91-ეა. ამ მაჩვენებლით საქართველოში “ჰიბრიდული რეჟიმია”. ამ მაჩვენებლით საქართველო ჰონდურასსა და ლიბერიას შორისაა.

იმისთვის, რათა საქართველომ უფრო მაღალ სტატუსზე “ნაკლულ დემოკრატიაზე” გადაინაცვლოს, მისი ქულა 6-ზე მაღალი უნდა იყოს. საგულისხმოა ფაქტი, რომ 2012 წელს საქართველოს ქულა 5.95 იყო, 2016 და 2017 წლებშიც ქვეყანას 5.90-ზე მაღალი ქულა ჰქონდა, თუმცა 2018 წლიდან მოყოლებული საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

Economist-ის თანახმად, 2021 წელს დემოკრატიის მდგომარეობა მთელ მსოფლიოში გაუარესდა. თუკი 2020 წელს მსოფლიოს საშუალო ქულა იყო 5.37, 2021 წელს ის 5.28-მდე შემცირდა, ორივე შემთხვევაში გლობალური საშუალო საქართველოს ქულაზე მაღალი იყო.

საქართველო რეგიონში წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა აღარაა:

The Economist-ის თანახმად, თუკი 2018 წლამდე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა უკრაინასთან და სომხეთთან შედარებით წინ იყო, ახლა ეს ქვეყნები დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოს უსწრებენ.

საქართველო - 5.12 ქულა, 91-ე ადგილი; (ჰიბრიდული რეჟიმი)
სომხეთი - 5.49 ქულა, 89-ე ადგილი; (ჰიბრიდული რეჟიმი)
უკრაინა - 5.57 ქულა, 87-ე ადგილი; (ჰიბრიდული რეჟიმი)
აზერბაიჯანი - 2.68 ქულა, 141-ე ადგილი (ავტორიტარული რეჟიმი)
რუსეთი - 3.24 ქულა, 124-ე ადგილი (ავტორიტარული რეჟიმი).

The Economist-მა დემოკრატიის მდგომარეობა 167 ქვეყანაში შეაფასა. მათ შორის 9.75 ქულით პირველ ადგილზე ნორვეგიაა, 9.37 ქულით მეორე ადგილზე ახალი ზელანდია, მესამეზე კი 9.27-ით ფინეთია. აშშ-ს 7.85 ქულით 26-ე პოზიცია, საფრანგეთს 7.99 ქულით 22-ე ადგილი, გერმანიას მეთხუთმეტე, ბრიტანეთს მეთვრამეტე, იაპონიას კი მეჩვიდმეტე ადგილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები