ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევის ვექტორის შემობრუნების ერთადერთი შესაძლებლობა "ქართული ოცნების" ერთპარტიული ხელისუფლების შეცვლაა.
გიორგი ქობულიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები დემოკრატიული სამყაროს შესახებ მათ მცდარ წარმოდგენებს ემყარება.
"ბატონ ბიძინას, „ქართულ ოცნებას“ ჰქონიათ, რომ დასავლეთი იღონებს ყველაფერს, რათა ის და მისი მმართველობა რამენაირად შეცვალოს, რომ დასავლეთი ამისთვის მაგალითად გამოიყენებს NGO-ებს. უჩნდება შიში, რომ მისი და მისი მთავრობის გადაყენების მცდელობები იქნება, შეიძლება კიდევაც რევოლუციური გზით, რაც არის ისეთივე მცდარი წარმოდგენა, როგორც ის, რომ შვეიცარიის ბანკი მას არ აძლევს რაღაც თანხას, რადგან ვითომდა დასანქცირებულია. ეს არის აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა, თუ როგორ არის მსოფლიო მოწყობილი, როგორ მუშაობს დემოკრატიული სამყარო.
ამ წარმოდგენაზე დაფუძნებით, ის ფიქრობს, რომ უნდა იღონოს ყველაფერი, რათა ძალაუფლებაში დარჩეს, რადგან თუ არ დარჩა, ერთი, მას და მის გარემოცვას მიადგება დარტყმა, ანუ ყველას დაიჭერენ. მეორე, რომ ქვეყანა დაზიანდება, რადგან მოვა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომს დაიწყებს. ეს არის საფუძველი, რაზეც ეს გუნდი თავის გადაწყვეტილებებს ამყარებს. დღეს NGO-ებს დაარტყეს, ხვალ რას გააკეთებენ არ ვიცით. დემოკრატიის ნგრევის ვექტორის შემობრუნების ერთადერთი შესაძლებლობა, არჩევნების გზით, "ქართული ოცნების" ერთპარტიული მმართველობის შეცვლაა. მე არ ვამბობ, რომ "ქართული ოცნება“ გაქრება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ერთპარტიული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.