"რუსული კანონის" მოწინააღმდეგეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ წავიდნენ. ამ დროისთვის (21:35 საათი) გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობა შეჩერებულია.
"არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ ახალგაზრდები, რომლებიც გმირთა მოედანზე მყოფ მოქალაქეებს უერთდებიან.
საქმე ის არის, რომ გმირთა მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ცოტა ხნის წინ პოლიციამ დაშალა; არსებული ინფორმაციით, დააკავეს რამდენიმე მომიტინგე.
"დროს ვაძლევთ ხელისუფლებას, ბოლო ერთ საათში ვინც დააკავეს, გაათავისუფლონ", - ამბობენ აქციის მონაწილეები, რომელთა ნაწილი კოსტავას ქუჩისკენ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსკენ მიდის.
"ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. აქ იმიტომ ვართ, რომ რუსთაველის გამზირზე ვერ გვხედავენ და იქნებ ახლა მაინც შეგვამჩნიონ", - ამბობს გმირთა მოედანზე მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც რუსთაველის გამზირიდან დაძრული აქციის მონაწილეები ამბობენ, აპირებენ გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობის გადაკეტვას.