მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი "რუსულ კანონს" არ გაიწვევს" - თეატრალურის სტუდენტები

თეატრალური

" ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი "რუსულ კანონს" არ გაიწვევს",- საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა "რუსული კანონი" გააპროტესტეს და სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

"ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გამოსვლას, "რუსული კანონის" გაწვევის მოთხოვნით.

მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, დაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას.

მიუხედავად სასტიკი დარბევის, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი თავდასხმისგან თავის დასაღწევად, თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება.

ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება. ამიტომ, ჩვენ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი :რუსულ კანონს" არ გაიწვევს. სანამ, საქართველო ევროპულ გზას არ დაუბრუნდება.

მივმართავთ, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ!

არა, რუსულ რეჟიმს!",- ამბობენ სტუდენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები