მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო კვირეულს აანონსებენ

საპროტესტო კვირეული

სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო კვირეულს აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

მათი ინფორმაციით, დაგეგმილი აქციის წინა დღეს, სტუდენტები რეალურ ადგილმდებარეობას გაავრცელებენ, თუ სად გაიმართება აქცია.

"სტუდენტური პროტესტის კვირა სტუდენტებმა გაფიცვით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. თუმცა, არ ვაპირებთ გაჩერებას საბოლოო მიზნამდე, განვაგრძობთ აქტივობებსა და გთავაზობთ საპროტესტო განრიგს.

20-დან 26 მაისის ჩათვლით ვაცხადებთ სტუდენტური პროტესტის კვირეულს:

20 მაისი, 18:00 საათი: პრივატ დრაივის 7;

21 მაისი, 18:00 საათი: გოდრიკის ხევი;

22 მაისი: ჰოგსმიდი;

23 მაისი, 18:00 საათი: საიდუმლო ოთახი;

24 მაისი, 18:00 საათი: აზკაბანის ციხესიმაგრე;

25 მაისი: ჰედვიგი;

26 მაისი, 18:00 საათი: ჰოგვორტსი.

ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 20 მაისს, 18:00 საათზე, სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროსთან აქციას, სახელწოდებით "ბოლო ზარი აქციაზე" გეგმავენ. ახალგაზრდები განათლების სამინისტროდან მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.

"ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით. წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები. ვეპატიჟებით რა თქმა უნდა სკოლის მოსწავლეებს,მასწავლებლებს,მშობლებს და ნებისმიერ მსურველს",- აცხადებენ ორგანიზატორები.

ამასთან, 20 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების შეკრებაა დაგეგმილი.

დღეს კი, 19 მაისს თბილისში, ევროპის მოედანსა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები