ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის 20%-ით გაზრდა საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სემეკის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
გამოცდილმა ენერგეტიკოსმა, რომელიც ამჟამად ესპანეთში საქმიანობს და არის კომპანია Soleolica Electric-ის CEO, ვრცლად ისაუბრა იმ მდგენელებზე, რისგანაც ელექტროენერგიის საფასური შედგება და აღნიშნა, რომ „გრძელვადიანად სტაბილური ტარიფისთვის გრძელვადიანი ენერგოპოლიტიკაა საჭირო“.
„არ ვთვლი, რომ [ტარიფის ზრდა] კონკრეტულად რომელიმე ერთი ადამიანის ბრალია... ზოგადად ენერგოპოლიტიკა, უნდა იყოს განსხვავებული“, - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.
ვინც თვეში 15 ლარს იხდიდა, ახლა 20 ლარს გადაიხდის - როგორ შეიცვალა დენის ფასი?|ახალი ტარიფები
ინტერვიუ არჩილ მამათელაშვილთან
- იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომლის დიდი ნაწილის გამოწვევაა უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე, რთულია, გაგებით მოეკიდოს დენის ტარიფის 5-თეთრიან ზრდას... სემეკის არგუმენტები კი მოვისმინეთ, რატომაც ძვირდება ელექტროენერგია, მაგრამ ჰქონდა თუ არა მარეგულირებელს ალტერნატივა, არ გაეზარდა ტარიფი ან კიდევ 3 თვით გადაევადებინა?
- შესაძლოა, სამთვიანი პერიოდით ფასის შეკავება მოხერხებულიყო ამა თუ იმ მიმართულებით, თუმცა, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკა გრძელვადიანი ბიზნესია. შესაბამისად, ინვესტიციებიც და სატარიფო პოლიტიკაც სწორედ იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ენერგოსექტორთან მიმართებით გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღება. ტარიფის ფორმირებაზე რამდენიმე ძირითადი მდგენელი მოქმედებს:
- სექტორში განხორციელებული ინვესტიციები (მათ შორის გენერაციის ობიექტების მშენებლობა);
- ქსელების გაფართოებაზე მიმართული კაპიტალი;
- ენერგორესურსების შესყიდვის ფასი.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოხმარებული ენერგიის, დაახლოებით, 20-დან 25%-მდე ბუნებრივი აირის გენერაციაზე მოდის [თბოსადგურების გამომუშავება], რასაც ემატება იმპორტირებული ენერგია. ამ ფასების ცვლილება, ბუნებრივია, საბოლოო ტარიფზე ახდენს გავლენას. ამ კონტექსტში, გადაწყვეტილების სამი თვით ადრე მიღებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტარიფის ზოგადი ტენდენცია მზარდია. ამ პროცესის შესაჩერებლად, საჭიროა, ისეთი სტრატეგიული ნაბიჯები, რომლებიც დარგს უფრო ეფექტიანს გახდის, შეამცირებს მიმართულებების კაპიტალტევადობას და, საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის თვითღირებულებას დასწევს. რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაც... ჩემი აზრით, ცალკეულ მცირე ცვლილებებზე მეტად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ზოგად გრძელვადიან ენერგოპოლიტიკას ენიჭება. ვითარება სხვაგვარი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია რომ მიმართულიყო განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ქსელის დასაბალანსებლად საჭირო სააკუმულაციო (შემნახველი) სისტემების განვითარებისკენ. მართალია, საუბარი იყო დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, თუმცა გაურკვეველია, ეს მასშტაბური პროექტები როდის განხორციელდება ან განხორციელდება თუ არა საერთოდ... ამავდროულად, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები უკვე საკმაოდ განვითარებულია. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ამ მიმართულებით განახორციელეს ინვესტიციები (მაგალითად, ესპანეთმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა), გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება შეძლეს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ქსელის რეგულირებას წყალსაცავიანი ჰესების მეშვეობით ახდენენ - მაგალითად, ავსტრია, კანადა, ნორვეგია, შვეიცარია და ნაწილობრივ იტალია, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც ამის ბუნებრივი რესურსი არ გააჩნიათ, იყენებენ შემნახველ სისტემებს, ეგრეთ წოდებულ ბატარეებსა და აკუმულატორებს, რისი მეშვეობითაც ეფექტურად არეგულირებენ ქსელს და აქტიურად ითვისებენ განახლებადი ენერგიის წყაროებს...
- ბატონო არჩილ, საზოგადოებაში გენერაციის ახალი ობიექტების, განსაკუთრებით კი დიდი ჰესების მშენებლობის მიმართ არაერთგვაროვანი განწყობაა. როგორ აუხსნიდით მოსახლეობას, რა პირდაპირი კავშირია ელექტროენერგიის ტარიფსა და ახალ გენერაციას შორის? მაგალითად: ნამახვანჰესის ან ხუდონჰესის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ტარიფის ზრდის ტემპის შეკავება?
- გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტია ისეთი გენერაციის ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება დაბალი და, რაც მთავარია, სტაბილური იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ ელექტროენერგიის საბოლოო ღირებულების, დაახლოებით, 40-50%-ს სწორედ გენერაციის ღირებულება შეადგენს, დანარჩენი კი გადაცემისა და დისტრიბუციის ხარჯებზე მოდის. ამ სტრუქტურაში გენერაციის ობიექტები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რადგან ტარიფის ცვალებადობაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ეს მიმართულება ახდენს. შედარებისთვის, გადაცემისა და დისტრიბუციის ქსელებში ინვესტიციების მკვეთრი ზრდა ან შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია და ეს კომპონენტი უფრო პროგნოზირებადია. შესაბამისად, თუ ჩვენ გვექნება იაფი და მუდმივი ადგილობრივი გენერაცია, ეს იქნება ტარიფის სტაბილურობის მთავარი საფუძველი... გენერაციის ობიექტების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტი დაბალი და სტაბილური თვითღირებულების მქონე სადგური აშენდება, მით უფრო ნაკლებად მერყევი იქნება ელექტროენერგიის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში. ტარიფის ერთჯერადი, 15-20%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი მომატებაა და, წესით, ასეთი მკვეთრი ზრდა ნაკლებად უნდა ხდებოდეს. მსგავსი რყევები მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით გრძელვადიანი დაგეგმარება არ არის [სათანადო დონეზე]. საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი - როგორც ჰიდრო, ისე მზისა და ქარის ენერგიის სახით. ქვეყანას აქვს პოტენციალი, აითვისოს ეს ტექნოლოგიები და ააშენოს დიდი ჰიდროელექტროსადგურები, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს...
- მიგაჩნიათ, რომ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირება საკმაოდ მაღალია?
- ტარიფის 20%-იანი ზრდა პირდაპირ მიუთითებს იმ კომპონენტების გაძვირებაზე, რომლებიც ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავენ. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, ბოლო სამი-ოთხი წლის ტენდენციების ფონზე... რთულია დავასახელოთ სხვა ქვეყანა, სადაც ამ მოკლე პერიოდში თვითღირებულება ასე მკვეთრად გაიზარდა [ტარიფი]; გლობალურად, განახლებადი ენერგიის წყაროების ასაშენებლად საჭირო კაპიტალური ინვესტიციები ერთ მეგავატზე შემცირებულია...
- დღეს, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მოგვიწოდა, დაგვემშვიდებინა მოსახლეობა და ბიზნესი იმ არგუმენტით, რომ რამდენიმე წლის წინ ტარიფი სამი თეთრით შემცირდა და, ამის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, დღეს ტარიფი მხოლოდ ორი თეთრით გაძვირდა...
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გრძელვადიანად სტაბილური ტარიფისთვის საჭიროა გრძელვადიანი ენერგოპოლიტიკა. 20%-იანი ზრდა ცოტა არ არის. კი ბატონო, ადრე მოხდა ტარიფის ნაწილობრივი დაკლება, მაგრამ, როგორც ვხედავთ, საბოლოოდ ფასმა მაინც მოიმატა. მე არ ვთვლი, რომ ეს კონკრეტულად რომელიმე ერთი ადამიანის ბრალია; ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, ენერგოპოლიტიკა უნდა იყოს განსხვავებული...
- რა სჭირდება ქვეყნის ენერგეტიკას მდგრადი განვითარებისთვის, რათა საქართველო უფრო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს?
- როგორც იცით, საქართველო არ არის მდიდარი ნავთობით, ბუნებრივი აირით და სხვა მსგავსი რესურსებით, თუმცა შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით. ვფიქრობ, საქართველოსთვის კარგი მაგალითია ნორვეგია და ისლანდია. მაგალითად, ნორვეგიას, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აქვს, ქვეყანა მაქსიმალურად ელექტრიფიცირებულია და იყენებენ იაფ ელექტროენერგიას. თუ არ ვცდები, იქ ავტოპარკის 50%-მდე უკვე ელექტრომობილებია. ეს შესაძლებელი გახდა სტაბილური ფასის გამო, რადგან მათი გენერაციის 97-98% ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი ქარის სადგურების ენერგია ავსებს. მზე, სამწუხაროდ, იქ ნაკლებადაა, ამიტომ ჩვენს შემთხვევაში მზის ენერგიის პოტენციალიც უნდა გამოვიყენოთ... მოკლედ, მომავალი ატომურ ენერგეტიკაზეა, რომელიც საბაზო ენერგიას ქმნის, რასაც ემატება განახლებადი წყაროები. სისტემის სტაბილიზაციისთვის და პიკური მოხმარების დასაბალანსებლად კი იყენებენ ან ჰიდროს ან კომბინირებული ციკლის სადგურებს ბუნებრივ აირზე...
- რა არის ჩვენი ენერგეტიკის მთავარი გამოწვევა, სუსტი წერტილი?
- ეს არის განახლებადი ენერგიების [პოტენციალის ათვისების ტემპი] და სისტემის სტაბილიზაციის საჭიროება... მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ელექტროენერგიის მოხმარებაზე და ქვეყნის მეტ ელექტრიფიცირებაზე. რაც უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის წილი მთლიან ენერგომოხმარებაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის.




























