ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია საექსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში "ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში" წერია. საექსპორტო პოტენციალი მეზობელ ქვეყნებთან უნდა გაიზარდოს, ასევე ევროპის მიმართულებით - რაც შესაძლებელია შავი ზღვის გადამცემი კაბელის მეშვეობით.
ბოლო წლებში თურქეთი იყო საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მიმზიდველი ფასის გამო. 2022-23 წლებში თურქეთში გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის ხაზის დატვირთულობა საექსპორტო სეზონზე მაქსიმალური იყო. კვლევაში წერია, რომ 2022-23 წლებში დენის ექსპორტიდან მიღებული რეკორდული შემოსავალი გამოწვეული იყო ადგილობრივი მოხმარების შემცირებით, თბოგენერაციის გაზრდით და თურქეთის ბაზარზე მიმზიდველი ფასებით. 
შარშან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 29%-ით შემცირდა და 1 ტვტ.სთ შეადგინა. ექსპორტის სეზონი აპრილში დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 83%-იანი წილით. შარშან ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირებას ორგანიზაცია თურქეთში შემცირებულ ფასს უკავშირებს.
Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება
და 2035 წლისთვის ქვეყნის დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გვტ-დან 9 გვტ-მდე
გაიზრდება. ამ სცენარით საქართველოს ექნება 5.2 ტვტ.სთ ($250 მლნ ღირებულების) ექსპორტის შესაძლებლობა თუ ელქტროენერგიის მოხმარება წლიურად მხოლოდ 3%-ით გაიზრდება.




























