მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა ჯერ არ შესრულებულა - GRASS

63c7b3c621c4f
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.23 13:56
697
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-მა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, 12 პირობიდან საქართველომ ამ დრომდე არ შეასრულა 6 პირობა, ნაწილობრივ შეასრულა 3 პირობა; მეტწილად შეასრულა 2 პირობა, ხოლო ერთი პირობა სრულად შესრულებულია. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომლის შესრულებაც საქართველოს ევროკავშირმა განუსაზღვრა არის დეოლიგარქიზაცია.

საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინული კანონის ტექსტის ქართულ ანალოგს წარმოადგენდა. კანონპროექტის ტექსტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჰქონდა ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობას. თავდაპირველად მმართველი პარტია მიიჩნევდა, რომ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იყო საჭირო, თუმცა EU-ს წარმომადგენლობის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით პარლამენტი კომისიის დასკვნას ელოდება.

“ევროკავშირმა ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს წარუდგინა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა. თუმცა, განსხვავებით უკრაინისგან, რომელსაც, ევროკავშირი ანტი-ოლიგარქიული კანონის შესრულებას სთხოვს, საქართველოს შემთხვევაში ზოგადი ჩანაწერი გაჩნდა.

ევროკავშირი, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას არ უკავშირებს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდს. როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა არ მიესადაგება რომელიმე ერთ ადამიანს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე მკაფიოდ განმარტა, რომ ევროკავშირს ზოგადად აწუხებს მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენების არასათანადო ჩარევა პოლიტიკაში.

ის, თუ კონკრეტულად ვინ იგულისხმება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაში საქართველოში დებატების საგანი გახდა. საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ადამიანი "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 35%-მა საქართველოში ოლიგარქად სწორედ ბიძინა ივანიშვილი მიიჩნია. გამოკითხულთა 3%-ის აზრით ოლიგარქები არიან მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, ხოლო 2%-ის აზრით ვანო ჩხარტიშვილი და მამუკა ხაზარაძე. 2022 წელს ევროპარლამენტმა თავის ივნისის და დეკემბრის რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ მისი გავლენების შემცირების მიზნით მისი სანქცირება მოეხდინათ.

ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევს ასევე პოლიტიკური ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც. მათ მრავალ განცხადებაში ივანიშვილი სწორედ ოლიგარქად არის მოხსენიებული. შესაბამისად, ევროკავშირის მეხუთე პრიორიტეტი - დეოლიგარქიზაცია - ოპოზიციისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენების შემცირებას ნიშნავს.

სამოქალაქო საზოგადოებამ, იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნება” არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მათი პარტიის დამფუძნებლის და არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თავის ხედვაში 12 პირობის შესრულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესასრულებლად აუცილებელი იყო 12-პუნქტიანი ჩამონათვალის დანარჩენი 11 მოთხოვნის სრულად შესრულება.

ევროპარლამენტის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს, შესაბამისად მკვეთრად უპირისპირება ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც დეოლიგარქიზაციის პროცესში ივანიშვილს მოიაზრებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო წერილიც კი მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, სადაც გააპროტესტა 2022 წლის ივნისში 30 მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფორმალური, ან არაფორმალური გავლენა ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად არც ერთი იურიდიული, თუ პოლიტიკური კრიტერიუმით. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, საქართველოში ოლიგარქები მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერებში არიან. იმავე წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის რამდენიმე მდიდარი ინდივიდი კრიმინალური წარსულით, რომლებსაც აქვთ აქტიური გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ.

დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მიუხედავად, იმისა, რომ პროცესის დასაწყისში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნებოდა და ევროკავშირი და ოპოზიცია მიაჩნევდა, რომ ეს კანონი საჭირო არ იყო, ხელისუფლება ასეთ კანონს არ მიიღებდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ რეკომენდაციით, საქართველოში „ასოცირებული ტრიოს“ დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით განსხვავებული კონტექსტია და „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება გონივრული ნაბიჯი არაა. შესაბამისად, საჭიროა არა ერთი კანონის მიღება, არამედ სისტემური ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს უფრო ეფექტიანს, ანგარიშვალდებულს და გამჭვირვალეს გახდის. არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ნაწილის ლოგიკა ეფუძნება შემდეგს: ისეთ ქვეყნებში, სადაც ოლიგარქები, ან მათთან დაახლოებული პირები არ იმყოფებიან ხელისუფლებაში, დეოლიგარქიზაციის კანონი შეიძლება ეფექტიანი იყოს, ხოლო ისეთ ქვეყანაში, სადაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი ძალა ოლიგარქის გავლენის ქვეშ არის, მსგავსი კანონი უბრალოდ ვერ იმუშავებს და, პირიქით, გამოყენებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის მოთხოვნა არ მდგომარეობს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაში. როგორც საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა აღნიშნა, „ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა მოთხოვნა, რომ გქონდეთ სპეციფიკური კანონი დეოლიგარქიზაციაზე იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობრივი საკითხია.“

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება მაინც გადაწყვიტა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის შესაბამისი კანონი პირდაპირ გადმოიღო ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ დააანონსა, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხებოდა. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა წინასწარ განაცხადეს, რომ მიღების შემთხვევაში ეს კანონი შეეხებოდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს დავით კეზერაშვილს და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, კერძოდ, „ლელოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და პარლამენტარებს ნაციონალური მოძრაობის სიიდან - კობა ნაყოფიასა და კახაბერ ოქრიაშვილს.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ პუნქტს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს, ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1.000.000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ასეთ ადამიანებს, კანონპროექტის თანახმად ეზღუდებათ:

1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე "საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;

2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

„ქართული ოცნების“ მიერ თავდაპირველად შემუშავებულ კანონპროექტში, უკრაინისგან განსხვავებით, სადაც „ოლიგარქების“ რეესტრს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული თავდაცვის საბჭო ადგენდა, რეესტრი საქართველოს პარლამენტს უნდა შეექმნა. თუმცა, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას „ქართულმა ოცნებამ“ მასში ცვლილება შეიტანა და რეესტრის შედგენა მთავრობის პრეროგატივა გახადა. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები კანონს ამის გამოც აკრიტიკებენ, რადგან შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ ოლიგარქთა რეესტრში შეიტანოს ბიძინა ივანიშვილი.

კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. საწყის ეტაპზე, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგი იყო, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის გაეგზავნა. თუმცა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა კანონპროექტი მესამე მოსმენით აღარ განეხილა და ვენეციის კომისიაში გადაეგზავნა. ამჟამად, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავების პროცესში „ქართულ ოცნებას“ არ გაუთვალისწინებია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინადადებები. თავდაპირველად, “ენმ”-მ უმრავლესობას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ერთობლივად შემუშავება შესთავაზა. “ენმ”-ს დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის მიერ 32 დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მარტო წარდგენის შემთხვევაში თავის ვერსიას ისინიც წარადგენდნენ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი წარადგინა, დეოლიგარქიზაციის კანონის თავისი ვერსია პარლამენტში 2021 წლის 21 ნოემბერს “ენმ”-მაც შეიტანა.

"ენმ“-ს კანონპროექტის თანახმად, ბევრად უფრო მოცულობითია ოლიგარქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები. ასევე, კანონპროექტით, „ოლიგარქიული მმართველობის და ოლიგარქის სტატუსების მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს“. ოპოზიციის კანონს სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ვინაიდან ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უფლებრივ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ამ უფლებრივ შეზღუდვებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელის შეთავაზება, კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, პროცესს პოლიტიკური შინაარსისგან გაათავისუფლებს.

“ენმ”-ს კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ, ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
ბ) მისი ოჯახის წევრები, ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ან/და სახელმწიფო თანამდებობებს;
გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ფიზიკური პირის, ან/და სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ს, ან/და მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი;
ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

“ენმ”-ს კანონპროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, „მთავარი და ამოსავალი ოლიგარქის სტატუსის მინიჭებისთვის არის ის, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს … სამ კრიტერიუმს მაინც და აუცილებლად ზეგავლენას უნდა ახორციელებდეს სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და თანამდებობის პირებზე“. ლევან ბეჟაშვილი ითხოვდა „ქართული ოცნების“ კანონპროექტის და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ვენეციის კომისიაში 33 გაგზავნას, თუმცა მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიაში მხოლოდ საკუთარი კანონპროექტი გააგზავნა.

ჩვენი შეფასებით, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა შესრულებული არ არის. მის შესასრულებლად საჭიროა, რომ ისეთი ინსტიტუციური რეფორმები გატარდეს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლებაზე ოლიგარქიულ კონტროლს, შესაბამისად, ამ მიზნისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯი შეიძლება იყოს ევროკავშირის თორმეტი მოთხოვნიდან დანარჩენი თერთმეტის სრულად შესრულება.

თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნას სადამსჯელო ინსტრუმენტად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს გამოწვევა არსებობს იმის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,- ნათქვამია GRASS-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს კანდიდატობაზე უარი უთხრა და 12 მიმართულებით მოთხოვნების შესრულება განუსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები