უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 მარტი ჩაიწერება, მაგრამ თუ ევროკომისია წლის ბოლომდე ამ საკითხს მოხსნის, კანონი არ ამოქმედდება.
„ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული, როგორც მოხდა მათი რეკომენდაციების კანონში ასახვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული, ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა პერსონალიზაციას გულისხმობს, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიისა პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში თუ სწორედ ამ არგუმენტაციიდან გამომდინარე ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის 1-ელი მარტიდან. აქ პრობლემას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.