საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან მოქმედებს და მის ფარგლებში კომერციულ ბანკებში ფიზიკური თუ იურიდიული პირების ყველა ანგარიში 15,000 ლარამდე დაზღვეულია. შესაბამისად, საქართველოს ბანკების ყველა დეპოზიტარი სახელმწიფოს მიერ იღებს გარანტიას, რომ 15,000 ლარის მოცულობით მისი ნებისმიერი ანგარიში არის დაზღვეული. დაზღვევა ეხება როგორც ლარის, ასევე სავალუტო ანგარიშებს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც კომერციული ბანკები ყოველთვიურ მოსაკრებლებს უხდიან. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ბანკების სადაზღვევო შენატანებმა 3.6 მილიონი ლარი შეადგინა.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ბანკებისგან მიღებულ შენატანებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს. არსებული მდგომარეობით, ფონდის ზომა 168 მილიონ ლარს შეადგენს.
“დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,349,833,169 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,759,984,009 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,119,348,399 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,640,635,611 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 589,849,160 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 431,008,746 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 158,840,414 ლარის ეკვივალენტი),”- ნათქვამია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
დაზღვევა ეხება ანგარიშს, შესაბამისად, თუკი კონკრეტულ პირს დეპოზიტზე განთავსებული აქვს 1,000,000 ლარი ამ თანხიდან სახელმწიფო აზღვევს 15,000 ლარს. ანალოგიურად პირს შესაძლოა ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის ანგარიშები და თითოეულ ამ ანგარიშზე 15,000 ლარის ლიმიტით თანხა სააგენტოს მიერ არის დაზღვეული.
საქართველოს საბანკო სისტემაში მთლიანობაში 50.4 მილიარდის დეპოზიტები არის განთავსებული, შესაბამისად დაზღვევის სისტემა ამ ანგარიშებზე არსებული თანხის 12.5%-ს ფარავს.