მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000 ლარამდე იზრდება - რას ამბობს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო?

63da22b5a2416
მარიამ დემეტრაშვილი
01.02.23 23:55
1038
2024 წლის 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000 ლარამდე იზრდება. ახლანდელი მონაცემებით, სადაზღვევო ზღვარი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარია.

დაანონსებული სიახლის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან თოდუამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დეპოზიტების მოცულობა 46 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 12%-ია დაზღვეული, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 20%-25%-ია.

„დღეს ჩვენი მონაცემებით 46 მილიარდი ლარის ოდენობის დეპოზიტებია, აქედან 24 მილიარდი არის ფიზიკური პირების, ხოლო 22 მილიარდი არის იურიდიული პირების დეპოზიტები. ამ 46 მილიარდიდან დაზღვეულია 6 მილიარდამდე, რაც არის დაახლოებით 12%. სრული დეპოზიტების 20%-25% თუ იქნება დაზღვეული, ეს უკვე კარგია“, - თქვა ლევან თოდუამ.

ამასთან, თოდუამ განმარტა რას ნიშნავს დეპოზიტების დაზღვევა და მის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულია საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი. დაზღვეულია ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები. ეს ეხება ნებისმიერ დადებით ბალანსს, რომელიც ფიქსირდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის ანგარიშზე. დღეს დაზღვევის ზღვარი არის ერთ ადამიანზე თითოეულ ბანკში 15 000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ფიზიკურ პირს ერთ ბანკში განთავსებული აქვს 45 000 ლარი, იქიდან დაზღვეული არის 15 000 ლარი, მაგრამ თუ ამ 45 000 ლარს სამ კომერციულ ბანკში განათავსებს, უკვე დაზღვეული იქნება თითოეული ბანკიდან 15-15 ათასი ლარი“, - თქვა ლევან თოდუამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს არსებობა უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს სანდოობის პრობლემა არ აქვთ.

„ეს სისტემა იმიტომ არ არის შექმნილი, რომ რაიმე საფრთხეს ვხედავთ ბაზარზე. დღეს საბანკო სისტემა საკმაოდ მდგრადია და არაფერი ემუქრება არც ახლო და არც შორეულ მომავალში, თუმცა ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია კრიზისებთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, ამ სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილი იყო.

მოქალაქემ იცის, რომ თუ რამე კრიზისი შეიქმნება და ბანკის ლიკვიდაციის საკითხი დადგება, მყისიერად აუნაზღაურდება დეპოზიტის ის ნაწილი, რაც დაზღვეულია. ასევე, მეორე ჩვენი ფუნქცია რაც არის, თუ შეიქმნა რამე კრიზისი და რომელიმე ბანკს შეექმნა პრობლემა, არ მოხდეს ამის გავრცელება სხვა ბანკებზეც დომინოს პრინციპით“, - თქვა ლევან თოდუამ.

გადაცემაში აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში დეპოზიტების მოცულობა იზრდება და საქართველოში პირველად, სადეპოზიტო პორტფელმა საკრედიტო პორტფელს გადააჭარბა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე ფიზიკური პირების დეპოზიტები 120%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების 140%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები