მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დეპუტატები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს არაეფექტურად იყენებენ”, - TI სადეპუტატო კითხვებზე

პარლამენტი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, კერძოდ, სადეპუტატო კითხვებს, არაეფექტურად იყენებენ.

საქმე ისაა, რომ TI-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პარლამენტის 47-მა წევრმა, მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ უწყებებს, 2997 კითხვა გაუგზავნეს, საიდანაც 796 - უპასუხოდ დარჩა.

“ვერ ვიტყოდი, რომ საპარლამენტო კონტროლის ეს მექანიზმი ეფექტურად მუშაობს, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ერთი საკითხია, თუ რა საკითხებით ინტერესდებიან თავად დეპუტატები და მეორე, თავად მთავრობის წარმომადგენლები რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან დეპუტატების კითხვებს, რამდენად პასუხობენ და რამდენად სრულია მათი პასუხები.

ჩვენ კითხვების შინაარსიც შევისწავლეთ, ძირითადად ისინი სტატისტიკურ ინფორმაციას შეეხება. ყველაზე ხშირად გაგზავნილ კითხვებს შორისაა, მაგალითად, კითხვები წყალმომარაგების საკითხებზე, მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობაზე, კულტურისა და განათლების საკითხებზე და ა.შ.”- განმარტავს ლიკა საჯაია.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მოსაძიებლად დეპუტატებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ, სადეპუტატო კითხვები კი, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ქვეყნისათვის გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს უნდა შეეხებოდეს, რომელზე პასუხის გაცემა ან არ გაცემა, პარლამენტში დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს.

“თუ შევადარებთ საერთაშორისო პრაქტიკას, საერთაშორისო დეპუტატები ამ მექანიზმს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ იყენებენ და არც მთავრობის წევრთა პასუხებია მარტივი სტატისტიკა, არამედ ისინი დეპუტატებს საკითხის სრულ ანალიზს უგზავნიან.

ჩვენი დეპუტატები, ხშირ შემთხვევაში, სადეპუტატო კითხვებს იმ ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ, რაც მათ მარტივად შეუძლიათ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმატში მიიღონ. შესაბამისად, აღნიშნული კითხვები არ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მათი შინაარსი შთამბეჭდავი საერთოდ არ არის. პრობლემა ისაა, რომ ამ მარტივ კითხვებსაც აიგნორებს მთავრობა”, - აღნიშნავს ლიკა საჯაია.

როგორც TI-ის წარმომადგენელი ხსნის, სტატისტიკიდან ჩანს, რომ მთავრობა კითხვებს არა შინაარსის მიხედვით, არამედ პოლიტიკური და პარტიული ნიშნით არჩევს და ოპოზიციონერებისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ არ მიიჩნევს.

“ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა - საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ნებისმიერ ქვეყანაში, ოპოზიციის მთავარი ბერკეტია, რომ საპარლამენტო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, პასუხად კი გვაქვს მხოლოდ ის, რომ მთავრობას არ მოსწონს კითხვის ავტორი და ამიტომ აიგნორებს მას”, - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივანი.

ლიკა საჯაია განმარტავს, რომ ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე, პროგრესი შესამჩნევია და დეპუტატების კითხვების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, თუმცა მთავარი მათზე პასუხების მიღებაა, რასაც საკანონმდებლო ცვლილება ვერ უზრუნველყოფს.

“კითხვების რაოდენობა იმატებს, ამ მხრივ წინსვლა გვაქვს, მთავარი პრობლემა რეაგირებაა - მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატს პასუხს არ სცემს და ამასთან გამო საერთოდ არაფერი ხდება, მთავრობის წევრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ კანონის შეცვლით შედეგებს მივაღწიოთ. აქ მთავარია, პოლიტიკური კულტურა იყოს განვითარებული, რომ მივიღოთ რეალური და ეფექტური საპარლამენტო კონტროლი”, - აღნიშნავს ლიკა საჯაია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციებს შორის, ერთი მხრივ, მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის ზრდაა, მეორე მხრივ კი, დეპუტატების მიერ აღნიშნული კონტროლის მექანიზმის უფრო ეფექტიანი გამოყენება: “პარლამენტარები ამ მექანიზმს რეალურ პრობლემებზე სასაუბროდ უნდა იყენებდნენ და არა მხოლოდ სტატისტიკის გამოსათხოვად”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები