მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დესტრუქციული ძალები პრემიერის და მთავრობის გადადგომას ვერ ეღირსებიან - თურნავა

60f689e310931
ინგა მურუსიძე
20.07.21 12:46
417
"რა თქმა უნდა, გადადგომას არ განიხილავს", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების და შედეგების გამო, განიხილავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩვენ დავგმეთ ძალადობა, რადგან ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ეს იმაში გამოიხატება, რომ შესაბამისი ორგანოები, ამ შემთხვევაში შსს, ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს; საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა, ვინც აგრესიასა და დანაშაულში მონაწილეობდა, დაისაჯოს სათანადოდ. ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ მთავრობა გადადგეს, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. „მათ სურთ იყოს ქაოსი, არეულობა, დესტრუქცია და მთავრობა ამას არ დაუშვებს. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი“, - თქვა თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - გუნდის შიგნით მაინც მთავრობა თუ გრძნობს უხერხულობის განცდად იმის გამო, რაც მოხდა, რაზეც კითხვითვე უპასუხა მედიას - „თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?!“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები