მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეტალები რიკოთის მაგისტრალური გზის შესახებ - მოძრაობა დღეიდან იხსნება

რიკოთი
BM. GE
28.10.23 15:08
109

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.

დეტალებს რიკოთის მაგისტრალური გზის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში.

რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად
მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად. მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური
სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა. ჯამურად, რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, საიდანაც 84 ადგილობრივი იყო.

საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების და სხვა დარგის სპეციალისტებს.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან. რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის, 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო ექსპერტი.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი
და შემცირდება მგზავრობის დრო.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60% (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები