რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“დაწინაურებულია მეორე და მესამე მონაკვეთები, ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები. რაც გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, წლის ბოლოსთვის დასრულება არის გათვალისწინებული. არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაო კონტრაქტორის მხრიდან და კომუნიკაცია არის ამაზე.
ვფიქრობთ, შესაბამისი ძალისხმევების პირობებში, როცა კონტრაქტორები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები, ასევე გზების დეპარტამენტი გასცემენ, ეს გაკეთებადია მთლიანად”, - განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული განვითარების მინისტრის და მისი მოადგილეების შეხვედრაზე ითქვა, რომ 2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს", - ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში.