მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგების გათვალისწინება ხელშეკრულებაში - "გრანთ თორნთონის" რჩევები

ნინო ჯოლია
BM. GE
15.07.24 23:10
1404

უძრავი ქონების შეძენისას აუცილებელია დაცული იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პირობა. იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავი ქონების შეძენა ხდება დეველოპერული კომპანიისაგან და შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულებული არ არის, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ შესაძლო ვალდებულებების დარღვევებზე და ნასყიდობის ხელშეკრულებაში გავითვალისწინოთ სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა გაიწეროს დასრულებული მშენებლობის განმარტება, მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვადები, აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული სანქციები და სხვა საკვანძო საკითხები.

  • საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მხარეები ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს დროულად და ჯეროვნად და ადგილი აქვს ვადაგადაცილებას. აღნიშნულის პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ხელშეკრულებაში გავითვალისწინოთ შესაბამისი სანქციები. ამასთან, სასურველია ნასყიდობის ხელშეკრულება შინაარსობრივად იქნეს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ასევე მყიდველის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების სწრაფი და ეფექტური გზაა.
  • რიგ შემთხვევებში, შესაძლოა გამყიდველის მხრიდან ადგილი ჰქონდეს არსებული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, მაგალითად დათქმულ ვადაში არ იყოს დასრულებული შენობა-ნაგებობის გარე და შიდა მოპირკეთება, მათ შორის, სადარბაზო, ტიხრები, ეზო. ეს საკითხიც მიზანშეწონილია წინასწარ იქნეს მოწესრიგებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ნაკლის მქონე შესრულების დროს, მხარეებს შეუძლიათ, განსაზღვრონ მყიდველის მიერ ნაკლის აღმოსაფხვრელად ხარჯის გაწევა. აღნიშნული ხარჯი კი შესაძლოა, გამოიქვითოს მყიდველის მიერ დარჩენილი გადასახდელი თანხიდან ან ანაზღაურდეს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რაც წარმოადგენს უახლეს პრაქტიკას.

  • იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებას ადევს იპოთეკა, სასურველია, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ყველა დეტალი და პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებას. ასეთი დეტალი შესაძლოა, იყოს: საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიის წერილი, რომლის საფუძველზეც მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, ბანკი ავტომატურად, გამყიდველის ჩართულობის გარეშე, წინასწარ გამოხატავს თანხმობას იპოთეკის მოხსნაზე. ამგვარად, მნიშვნელოვანია ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს იპოთეკის მოხსნის მარეგულირებელი ნორმები.

ამდენად, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მიზანშეწონილია მომზადდეს კვალიფიციური იურისტის კონსულტაციის საფუძველზე.

ავტორი: ნინო ჯოლია - "გრანთ თორნთონ საქართველოს" იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი;

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები