მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი საყურადღებოა - ეროვნული ბანკი

მშენებლობა

ეროვნული ბანკი დეველოპერული კომპანიების დაკრედიტების მაღალ ტემპს საყურადღებოდ მიიჩნევს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდან ირკვევა. შესაბამისად, სებ-ი დეველოპერული სექტორის მიმართულებით გაცემულ სესხებს ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ საყურადღებო და პოტენციურ რისკ-ფაქტორად განიხილავს.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივლისისთვის დეველოპერების დაკრედიტების ზრდის ტემპი 80%-ს აღწევდა, რა მაჩვენებლითაც ის კორპორატიულ სექტორში დაკრედიტების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. შედარებისთვის, გასულ წელს დეველოპერების დაკრედიტების წლიური ზრდა 30% იყო, ხოლო 2022 წელს 27%.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე სულ 3.57 მილიარდი ლარის კრედიტებიი არის გაცემული, რომლის 91%-იც უცხოურ ვალუტაში არის გაცემული. ამასთანავე, კომერციულ ბანკებს გაცემული აქვთ 3 მილიარდი ლარის კრედიტები უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორზე. ხოლო სამშენებლო (საინჟინრო, არა დეველოპერულ კომპანიებზე) 949 მილიონი ლარის საბანკო სესხები არის გაცემული. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმადვე, 3.57 მილიარდი ლარის კრედიტებში, რომლებიც დეველოპერებზე არის გაცემული 108 მილიონის სესხები 91 და მეტი დღით არის ვადაგადაცილებული, რაც მთლიანი პორტფელის 3%-ს შეადგენს.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საყურადღებოა. ეროვნული ბანკი ამ ტიპის სექტორულ რისკებს ითვალისწინებს და კომერციული ბანკებისთვის მოქმედია რეგულაცია უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიების დაფინანსებისა და დაუსრულებელი/მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხების გაცემის პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც კომერციულმა ბანკებმა დაუსრულებელი/მშენებარე უძრავი ქონებისთვის იპოთეკური სესხის გაცემის დროს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პრინციპები უნდა გაითვალისწინონ. აღნიშნული დოკუმენტი ნაწილობრივ სარეკომენდაციო ხასიათისაა და დეველოპერული პროექტის დაფინანსების დროს გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან საკითხებსაც მოიცავს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 58.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 91 დღეზე მეტი ხნით 1 მილიიარდი ლარის სესხები არის ვადაგადაცილებული, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია, შესაბამისად, 3%-იანი ვადაგადაცილებით, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი ამ მხრივ თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებლიით გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები