“ მოთხოვნის შემცირებაზე რეაგირება დეველოპერულ სექტორს შეუძლია და შეუძლია იმით, რომ მოქნილად შეცვალოს ფასები და ფასების კლების საფუძველზე ახალი საბაზრო ფასი მივიღოთ”- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც მთავრობა სექტორს დაეხმარება ახალი იპოთეკური სესხების უბსიდირებაა. ისინი, ვინც სესხს წლის ბოლომდე აიღებს, სახელმწიფო მომდევნო 5 წლის განმავლობაში სესხის 4%-ს დაუსუბსიდირებს.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, 4% რისკია და შესაძლოა აღმოჩნდეს არაფერი, რადგან შესაძლოა მინიმუმ 4%-ით გაიზარდოს მონეტარული განაკვეთი და ეს 4% ავტომატურად გაქრეს.
“ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვარ, მკაფიოდ მოწინააღმდეგე ვარ ამ დახმარების. ჩემთვის სექტორული დამხარების ფორმატი იყოფა ორ კატეგორიად. პირველი ეს არის, სადაც ბაზარი გაქრა და შესაბამისად სექტორი საჭიროებს დამხარებას. ტურიზმის ბაზარი გაქრა, შენ დღეს სასტუმროს ფასი რომ 90%-ით შეამცირო, დღეის მდგომარეობით მაინც ვერავინ ჩამოვა. 1-2 თვის განმავლობაში ჩამოვა, მაგრამ არა იმდენი და იმის ალბათ 5%, ვინც ჩამოდიოდა თავის დროზე. შესაბამისად, ბაზარი გაქრა და ეს ვიცით, რომ ეს ბაზარი გამქრალია დროებით.
იმისთვის, რომ ადამიანებმა არ გადაიფიქრონ ამ ბაზარზე დარჩენა და დაიწყონ სხვა საქმიანობა, საჭიროა მათი მხარდაჭერა. დეველოპერული ბაზარი არ გამქრალა, ამ ბაზარზე უბრალოდ მოთხოვნა არის შემცირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ რისკები გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, მოსახლეობის შემოსავლიანობა და პროგნოზი მომავალთან დაკავშირებით არის უარყოფითი, შესაბამისად, ბუნებრივად, აპრიორი ვუშვებთ, რომ მოთხოვნა უძრავ ქონებაზე იქნება შემცირებული. მაგრამ ამაზე რეაგირება დეველოპერულ სექტორს შეუძლია და შეუძლია იმით, რომ მოქნილად შეცვალოს ფასები და ფასების კლების საფუძველზე ახალი საბაზრო ფასი მივიღოთ, რომელიც ნაწილი დეველოპერისთვის, შესაძლოა იყოს მისაღები, ნაწილისთის არ იყოს მისაღები.
ჩვენ ამ შემთხვევაში, გადასახადების გადამხდელთა ფულით ვასუბსიდირებთ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს იმისთვის, რომ დავეხმაროთ დეველოპერულ სექტორს არ დაწიოს და არ მოუწიოს ფასების შემცირება. ჩემი აზრით არასწორი პოლიტიკაა. მივუშვათ ბაზარი, დაფიქსირდეს ახალი ფასი და შემდეგ შევხედოთ არის თუ არა ჩარევის აუცილებლობა. ამის ნაცვლად უბრალოდ ვახალისებთ.
ჩემი აზრით აქ დიდი პრობლემაა იმაშიც, რომ ვიღაც ჩათვლის, რომ რა კარგი შესაძლებლობა შეექმნა მას, რომ ახლა 4%-ს დაუფინანსებს სახელმწიფო. ერთია, რომ რისკია ეს 4% აღმოჩნდეს არაფერი, იმიტომ, რომ მინიმუმ 4%-ით გაიზარდოს მონეტარული განაკვეთი და ავტომატურად გაქრეს ეს და მეორე, უნდა დავუშვათ ალტერნატივა და ალტერნატიულ სცენარი არის ის, რომ ფასები შემცირდება 10-15%-ით. რაც კიდევ უფრო გაუიაფებდა ყველა მსურველს უძრავი ქონების შეძენას “- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.